ბიძინა კუჭავას მეუღლე, მარინა ნიკოლოზაშვილს უჭირს დაიჯეროს ვერსია, რომლის მიხედვითაც მისმა მეუღლემ პაატა ქირიას ესროლა, შემდეგ კი გვამის მოშორებას არნახული სისასტიკით - ცხედრის დანაწევრებით გეგმავდა.
„არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ, მეგობრული, ძმაკაცური, მარტო ნათესავები არ ვიყავით. ბიძინა პაატას არ მოკლავდა“- ამბობს ბრალდებულის მეუღლე.
მარინა ნიკოლოზაშვილს არც ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობის სჯერა.
„ბერვრი კითხვა არსებობს, ველოდებით გამოძიების დასრულებას“- აცხადებს ის.
კუჭავებს შემზარავი მკვლელობის შესახებ ვერსიაც არ აქვთ. გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, რომ ბიძინა კუჭავას სხეულზე ძალადობის ნიშნები აღენიშნება.
„ნიუპოსტი“ ბრალდებულის შვილს, პირველი ქორწინებიდან - მეგი კუჭავას ესაუბრა.
- შოკირებულები ვართ, ახლა ამ ბრალდებებზე და საერთოდ ამ საშინელებაზე, რაც ხდება კომენტარს ვერ გავაკეთებ, გამიგეთ, ამის არც სურვილი და არც ნერვები არ მაქვს.
- რა ვერსია გაქვთ ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ მკვლელობაზე?
- მე არ მჯერა იმის, რასაც მამაჩემზე საუბრობენ, სხვა კომენტარს არ ვაკეთებ, ძალიან გთხოვთ ნუ აგრძელებთ კითხვების დასმას...
- კუჭავასთან ასოცირდება მისი გერის მკვლელობის საქმე და ასევე, დაკარგულია მისი და...
- შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არასწორ ინფორმაციას ავრცებს. ჩემი ძმა მამას შვილივით უყვარდა, 2 წლიდან ზრდიდა, ის 2006 წელს მოკლეს, ბიძინა დადიოდა პოლიციაში და მკვლელობის გამოძიებას ითხოვდა. მას ჩემი ძმა ისე ძლიერად უყვარდა, რომ ვეჭვიანობდი კიდეც. რაც შეეხება მამიდას, ის 2012 წელს დაიკარდა, მაშინაც მამაჩემი იყო ის პირი, ვინც პოლიციას დის მოძებნაში დახმარებას სთხოვდა.
- შინაგან სამეთა სამინსიტროს ინფორმაციით, ბიძინა კუჭავამ წინასწარ შეძენილი ტალით, რომელსაც ჰქონდა რკინის ღვედი სავარუდოდ გვამი ჩამოკიდა, დაცალა სისხლისგან და შეუდგა მის დანაწევრებას...
- არც ერთ ბრალდებას არ ვეთანხმები, შსს უდანაშულობის პრეზუმციას არღვევს. მათი განცხადებებით, თუ ვიმსჯელებთ ბიძინა კუჭავა იყო პროფესიონალი მკვლელი, ამ ლოგიკით ის მსგავს შეცდომას არ დაუშვებდა არ დატოვებდა კვალს. მამას ჯიბეში გარდაცვლილის პასპორტი არ უნდა ჰქონოდა. ასე სწრაბად FBI - არ იძიებს საქმეს. შსს-მ კი ის სერიულ მკვლელად გამოაცხადა.
- როგორ დაახასიათებდით მამათქვენს?
- ის ყველაზე მაგარი მამა იყო დედამიწაზე, ნომერ პირველი მამა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული "რადიო საქართველოს" ხმის დამფუძნებელი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც სიცოცხლე პოლიციის მიერ დევნის ოპერაციის დაწყების შემდეგ დაასრულა.
შსს-ს ინფორმაციით, ბინა, რომელშიც ქირიას ცხედარი იპოვეს, სწორედ ბიძინა კუჭავამ დაიქირავა. ქირიას ცხედარს კი დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა.
შსს-ს ცნობით, ქირიასა და კუჭავას ახლონათესაური კავშირი ჰქონდათ, ჩადენილი დანაშაული კი არ უკავშირდება პროკურორ ქირიას სამსახურებრივ მდგომარეობას.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ვახტანგ ქირია სახლიდან 13 იანვარს, დაახლოებით 16:15-ზე მას შემდეგ გავიდა, რაც მას მობილურ ტელეფონზე დაურეკეს.
მოკლული პროკურორის ცხედარი ოჯახის წევრმა ამოიცნო. ვახტანგ ქირიას ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა კეფაში აქვს მიყენებული.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები