საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისია რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსებში გამარჯვებული კომპანიები გამოავლინა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისია განცხადებას ავრცელებს
"თბილისში (FM 92.3) რადიმაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ გახდა. დედაქალაქში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვებას სამი კომპანია შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“, შპს „ტვ სტილი“ და შპს „ახალი რადიო“ ცდილობდა. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს „ახალმა რადიომ“ საკონკურსო განაცხადი გაითხოვა, შედეგად კონკურსი ორი კონკურსანტის შემადგენლობით გაგრძელდა. კომისიამ საკითხის არსებითი განხილვის შედეგად, ორი კონკურსანტის სამაუწყებლო კონცეფციების ურთიერთშედარების საფუძველზე გადაწყვიტა, რომ შეთავაზებული თემატიკისა და ასევე, ერთი და იმავე თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნებით და ყველა სოციალური ჯგუფის ინტერესების მოცვის ხარისხით შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ გამხდარიყო გამარჯვებული."- აღნიშნულია განცხადებაში.
შპს "მომხმარებელთა საყურადღებოდ" რადიო "თანამგზავრის" მფლობელია , თავად შპს-ს დირექტორი კი რეჟისორი გოგა ხაინდრავაა, როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა მისი პარტნიორი გიორგი გაჩეჩილაძეა და იგი შპს-ს 30%-იანი წილის მფლობელია.
მასალის გამოყენების პირობები






