ქალბატონების განცხადებით, ისინი, ოჯახის წევრებთან ერთად დღეს საღამოს ჯიხეთის მონასტრისკენ მიმაალ გზას გადაკეტავენ და მრევლს ღამის ლოცვაზე დასწრების საშუალებას არ მისცემენ:
"ყველა ამ გზით დადის მონასტერში მოსალოცად, მათ შორის ისეთებიც ადამიანებად რომ არ გვთვლიან. გადავკეტავთ გზას და არ მივცემთ გადაადგილების საშუალებას. იქნებ მერე მაინც მოგვხედოს ვინმემ".
როგორც ქეთევან ნიკოლაიშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მეწყერსაშიში ზონიდან მათი გადაყვანა წლებია ვერ ხერხდება, სახლი, რომელიც საცხოვრებლად მთლიანად უვარგისია, გეოლოგებმა და სპეციალურმა კომისიამ არაერთხელ შეამოწმეს, დაიდო დასკვნა, რომლის შესაბამისადაც ნიკოლაიშვილების სახლი პირველ კატეგორიაში მოხვდა. ოთხსულიანი ოჯახი საცხოვრებლად სხვაგან უნდა გადაეყვანთ, მოულოდნელად კი ახალი დასკვნა დაიდო, რომლის საფუძველზეც ისინი უკვე მეორე კატეგორიაში აღმოჩნდნენ. ამავე კატეგრიის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, რაც ასევე სამომავლოდ გადაიდო:
"მესამე წელია დავდივარ დახმარების სათხოვნელად და ჯერ არაფერი მეშველა. დღესაც ვიყავი გამგეობაში, პირველ რიგში ის მაინტერესებდა რატომ გადამიყვანეს მეორე კატეგორიაში და რამდენ ხანს შეიძლება ველოდო რომ საშველი გამომიჩნდეს. ამათმა ფაქტიურად თავიდან მომიშორეს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მოიკითხეთო. იცით როგორ პირობებში ვცხოვრობთ მე და ჩემი მეუღლე 85 წლის მოხუცთან ერთად? პატარა კუხნა სახლში. ავადმყოფი ქალია, თავზე გვაწვიმს, კედლები დეფორმირებულია, გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. მისი პენსიით გაგვაქვს თავი. სხვა შემოსავალი არ გვაქვს არაფერი. სოციალური დახმარება მქონდა, 9 თვე გვაძლევდნენ მერე მოგვიხსნეს, შვილი სტუდენტი გყავთო. სტდენტი რომ მყავს იმას ჭამა არ უნდა? ბავშვმა თავისით მიაწწია ყველაფერს და ლუკმაც გამოაცალეს პირიდან"-გვითხრა ქეთევან ნიკოლაიშვილმა.
ლიანა ჩხაიძის საცხოვრებელი სახლიც ავარიულია. ოჯახის სამი წევრი ერთსართულიანი სახლის ერთ ოთახში ცხოვრობს. ქალბატონი ამბობს, რომ მას ქირით გადაყვანას დაპირდნენ, რისიმოგვარებაც დღემდე ვერ მოხერხდა: "ჩემი სახლი საერთოდ უვარგისია, გზა არ მაქვს, წყალი არ მაქვს, შუქი რ მაქვს. ქირით გადაგიყვანთო, გავაკეთე საბუთები და დამიკარგეს. მიწაზე დადგმული პატარა სახლია, არც კედლები უვარგა, არც ფანქარა, მოვლენ გადაიღებენ ფოტოებს, წავლენ, მერე კიდე ასე და მდგომარეობა არ იცვლება"-გვითხრა ჩხაიძემ.
გამგებლის წარმომადგენელი ჭყონაგორაში, ვასილ აბუსერიძე ამ ორი ოჯახის პრობლემას კარგად იცნობს, აქედან ერთის, ჩხაიძეების დახმარებას უახლოეს მომავალში გეგმავენ, ნიკოლაიშვილებს, კი როგორც თავად გვიხსნის, ლტოლვილთა სამინისტრომ უნდა მიხედოს და გამგეობას კონკრეტულ შემთხვევაში ისინი პასუხს ვერ მოსთხოვენ: "ნიკოლაიშვილებს არ მესმის რა პრეტენზია უნდა ჰქონდეთ ჩვენთან. გამგეობას რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა. დავაკავშირეთ ლტოლვილთა და განსახლების სამინსიტროს და ისინი პირადად ეკონტაქტებოდნენ ამ ქალბატონს. მათი სახლი ჯერ მიაკუთვნეს პირველ კატეგორიას, ახლა ჩამოვიდა დასკვნა, რომ ეკუთვნის მეორეს, რაც გულისხმობს სახლის გამაგრებას. არ ვიცი ეს რატომ მოხდა, ამაზე სამინსიტროს უნდა მოსთხოვოს პასუხი. რაც შეეხება ჩხაიძეს, ის უნდა გადავიყვანოთ ქირით. ვეძებთ ისეთ სახლს, რომელიც ოფიციალურად იქნება კერძო პირზე რეგისტრირებული და გადავიყვანთ ამ ოჯახს"-გვპასუხობს აბუსერიძე.
აპირებს თუ არა სამინისტრო ნიკოლაიშვილების ოჯახის დახმარებას და რატომ მოხდა კატეგორიის ცვლილება, ამ კითხვებზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები






