აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრებ იაკობაშვილებსა და კიღურაძეებს ეს პრობლემა უკვე 7 წელია აწუხებთ. როგორც ისინი ‘გურიის მოამბესთან“ ყვებიან, ყოველი გაწვიმების შემდეგ, მათი სახლის სარდაფები მთლიანად წყლით ივსება, რაც სახლისთვის საძირკველის გამოშლის საშიშროებას ქმნის. ფეკალური მასები ჩაედინება ჭებშიც, ამბობენ, რომ შექმნილი გაუსაძლისი სიტუაციის გამო, წლებია სასმელი წყლით ვერ სარგებლობენ. მათ თქმით, მუდმივი სისველიდან გამომდინარე, მიწა უკვე ჩამოშლას იწყებს. არსებობს საშიშროება, რომ ერთ დღეს ეზოს ნაწილი ჩასკდეს და უბედურება დატრიალდეს:
„ჩემი მდგომარეობა უკიდურესია, ყველა გაწვიმებაზე ეზო და სახლის სარდაფი წყლით ივსება, ასევე ეზოში რამდენიმე ადგილას ამოდის წყალი, საკანალიზაციო აუზები, რომელიც ჩვენი ეზოს თავზეა გაკეთებული, გასაუქმებელია, თორემ მიწა გამოეცლება ეზოს, რადგან მიწის ქვეშაა გაყვანილობა და ბოლო-ბოლო რაღაც პერიოდის შემდეგ ჩავარდება. ეს კიდევ არაფერი, ფეკალიები სახლის სარდაფში მოედინება. მიწა უკვე ბალოტად გადაიქცა, წყალს ვეღარ იწოვს. ჭაშიც ჩადის, ვერ წარმოიდგენთ რა დღეში ვართ. სხვისი კანალიზაციით დაბინძურებულ წყალს ვინ დალევს. იძულებულები გავხდით გაგვეუქმებინა ჭა და სასმელი წყალი მეზობლებიდან მოგვაქვს. ასეთ მდგომარეობაში ვარ. შეიძლება ასასახლებელი ვარ, ხომ უნდა მოვიდეს ვინმე და შეამოწმოს. სადმე ნორმალურ პირობებში გადავალ, მეშინია ერთ დღეს მიწა არ ჩამისკდეს და უბედურება არ დატრიალდეს. სხვისმა კანალიზაციამ რატომ უნდა შემიქმნას ხელოვნური ჭაობი და კატასტროფული მდგომარეობა? თუ ოდნავ მაინც შეუძლიათ ყურადღებს მოქცევა, დამეხმარონ. არ ვარ წინააღმდეგი ასახლებისაც, ოღონდ წყალში არ ვიხრჩობოდე და ყველაფერზე თანახმა ვარ. - გვითხრა ცირა იაკობაშვილმა.
ყველა გაწვიმებაზე ჭები წყლით ივსება, ასევე შედის სარდაფებში. ვითხოვთ დახმარებას, რომ არ შეგვაწუხოს სხვისმა წყალმა და ფეკალურმა მასებმა,_ გვითხრა ხათუნა კიღურაძემ.
როგორც ცირა იაკობაშვილი აცხადებს დახმარებისთვის ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართა, მერიამ ხრეში და ცემენტიც მისცა, თუმცა ამით პრობლემა არ მოგვარებულა, უფრო მეტიც, მდგომარეობა დღესდღეობით მძიმეა და სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს:
დახმარებისთვის ბევრჯერ მივმართე წინა მთავრობასაც, რადგან წლებია ამ დღეში ვართ. გამოყვეს ხრეშიც, ცემენტიც. მაგრამ არაფერი გვეშველა, მაინც უკიდურეს მდგომარეობაში ვართ. მეზარება ყველაფრის გაკეთება, რა აზრი აქვს, მაინც ფუჭდება ყველაფერი. ოჯახში სამი სულს ერთი ოთახი გვაქვს და ისიც წყლით ივსება. რამდენჯერ ვუთხარით იმ მეზობელს, ვწუხდებით და მოაგვარეთ თქვენი პრობლემა-მეთქი, „ეს არ არის ჩემი საქმეო“-ასე მიპასუხა. რა ვქნათ, დავტოვოთ სახლი და ქუჩაში დავიწყოთ ცხოვრება“?
იაკობაშვილები „გურიის მოამბესთან“ კიდევ ერთ პრობლემაზეც საუბრობენ. ოჯახის წევრები გვეუბნებიან, რომ შეშის არ ქონის გამო, მეორე სართულზე დალაგებული ხის მასალა გასათბობად გამოეყინეს: „ მეორე სართულზე გველაგა მოძველებული ხის მასალა, ის ჩამოვიტანეთ, ვაპობთ და ვთბებით. შეშის ყიდვის საშუალება ჩვენ არგვაქვს და ამ სველ ოთახში გათბობის გარეშე დავიხოცებოდით. ვიყავი მისული მერიის სოციალურ სამსახურში, განცხადება დავწერე, შეშით დამეხმარეთ მეთქი, უფროსმა, დუმბაძეა ის ქალი მითხრა, ჯერ არ გვაქვს საშუალებაო, შეშა და გათბობა ზამთარში სჭირდება ადამიანს, თორემ ზაფხულში მზეც კი მათბობს“
ლესელიძის ქუჩაძე მცხოვრები ორი ოჯახის პრობლემას უკვე იცნობენ ქალაქის მერიაში.
როგორც მერიის პრესსამსახურში გვეუბნებიან, აღნიშნულ ოჯახს ქალაქის მერია ერთხელ უკვე დაეხმარა, თუმცა ამ ეტაპზე, შესაბამისი სამშენებლო მასალის არ ქონის გამო, დახმარების ხელმეორედ გაწევა ვერ ხერხდება.
დასძენენ იმასაც, რომ როგორც კი გახდება შესაძლებელი, ოჯახს დახმარება გაეწევა.
რაც შეეხება შეშის პრობლემას, როგორც პრესსამსახურში გვეუბნებიან, ქალბატონმა მერიას ხელახალი განცხადებით უნდა მიმართოს, რის შემდეგაც პრობლემის მოგვარებას მალევე შეეცდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






