საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, “ბორჯღალოსნების” ვეტერანი და მწვრთნელი ილია ზედგინიძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს ჟურნალისტებს და გულშემატკივრებს შეხვდა ილია ზედგინიძე: “დღევანდელი შეკრების მიზეზი ჩემი და ჩემი გუნდის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაა. ჩემთვის ეს დიდი პატივია და მადლობას მოვახსენებ ყველა იმ კლუბსა და მორაგბეს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს. ჩვენ ვგრძნობთ ვალდებულებას ქართული რაგბის წინაშე. ის სითბო და ემოციები, რომელსაც მთელი ერისგან ვიღებდით წლების განმავლობაში დაუვიწყარია. ამიტომ, გვინდა, რომ ჩვენი გამოცდილება ქართულ რაგბის მოვახმაროთ. მოგვიანებით, სავარაუდოდ 20 იანვარს გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც დეტალურად ვისაუბრებთ ჩვენი გუნდის პროგრამაზე.
ყველამ კარგად იცის, რომ შიდა ჩემპიონატი და სასკოლო რაგბი განსავითარებელია. ვიმსახურებთ გაცილებით მაღალი დონის მსაჯობას, რასაც სათანადო ყურადღება არ ეთმობა. აუცილებელია პროფესიონალურ რელსებზე გადასვლა და კლუბების მოძლიერება, საერთაშორისო ტურნირებზე გასვლა. ჩვენი ნაკრების შედეგი არაჩვეულებრივი იყო, თუმცა ამაზე გაჩერება არ შეიძლება, უნდა მოიმატოს ხარისხმა. მნიშვნელოვანია სარაგბო ეკონომიკის შექმნა, რათა არ ვიყოთ გარე ფაქტორეზე დამოკიდებულები. ეს დეტალებია, რაც საბოლოო ჯამში სხვაობას მოგვცემს.
ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართულ რაგბიში ვითარების განმუხტვაა. ყველაფერი ერთად დგომით უნდა გავაკეთოთ. ეს არის მესიჯი, რომელიც ყველამ უნდა მიიღოს. ერთიანად ჩვენი ოჯახი წინ წავა.
მილტონ ჰეიგის მიღწევა ქართული რაგბისთვის ისტორიული იყო და მისი ეროვნული ნაკრების სათავეში დარჩენა ლოგიკურია.”
ირაკლი აბუსერიძე: “მე და ილია წლების განმავლობაში ერთად მოვდიოდით და მისი მეთაურობით ბევრი გამარჯვება გვაქვს მოპოვებული. მას წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ. ერთნაირი ხედვები ვაქვს და ვეცდებით, რომ ჩვენი რაგბი უფრო წარმატებული იყოს”.
ირაკლი მაჩხანელი: “ილია არის ქართული რაგბისთვის მისაღები კანდიდატი და ნდობით აღჭურვილი პირი. მინდა მას წარმატებები ვუსურვო. რამდენჯერმე ვცადეთ შეხვედრა პრეზიდენტობის მეორე კანდიდატ გოჩა სვანიძესთან, თუმა დღემდე არ მოხერხდა”.
მასალის გამოყენების პირობები






