მარინა კოდუა: უპირველესად, იმით ვამაყობ, რომ ჩემი შვილი კარგი ადამიანია. ეს პირადად მე მეხება და ჩემი დამსახურებაა. რაც შეეხება იმას, რომ ზაზა კარგი სპორტსმენია, ეს მისი დამსახურება და ღვთის წყალობაა.
– ძალიან დიდ დროს ატარებთ ერთმანეთის გარეშე, რაც ალბათ, საკმაოდ რთული შესაგუებელია, მით უმეტეს, რომ ერთადერთი შვილის დედა ხართ.
– ძალიან ძნელია. ვეუბნებოდი ზაზას, ახლა ხომ ხარ მშობელი და მიხვდი, რა ძნელია ჩემთვის ცალ-ცალკე რომ ვართ-მეთქი. აქამდე სულ ერთად ვიყავით, ახლა კი, ენაცვალოს ჩემი თავი, თიკა არის მის გვერდით და მშვიდად ვარ. ვიცი, რომ მოვლილია, კარგად არის და ისინი ერთმანეთის პატრონები არიან. მშვიდად ვარ, მაგრამ სულ მენატრებიან.
– როგორი დედამთილი ხართ?
– თიკა ჩემი მეგობარია, ამას გულწრფელად გეუბნებით. როცა მე და თიკა ვჭორაობთ და ამ დროს ზაზა შემოვა, ვჩუმდებით. ჩემი შვილი ამაზე გიჟდება, რატომ მე არ მეუბნებითო. იმიტომ, რომ ეს „მეჟდუ ნამი დევოჩკამიო,“ პასუხობს თიკა. თუ რამე საიდუმლო მაქვს, თუ რამე მჭირდება, ზაზას კი არა, თიკას ვეუბნები. სანამ დედამთილი და დედა ვიქნებოდი, ქალი ვიყავი. ამიტომ, როცა ქალი ხარ, ქალის გესმის. თუ რამე უმნიშვნელო, ბავშვურ რამეზე ჰქონიათ შეკამათება, ყოველთვის თიკას ვიცავ. ზაზა მაინც დედისერთაა და ეგოისტია. ეს უნდა ვაღიარო. მინდა-არ მინდა, ასეა. იცის, რომ დედა მისია, სულ ზაზა, ზაზა... ახლა თიკა გამოჩდა. ეჭვიანობს, თიკა უფრო გიყვარს, ვიდრე მეო. თიკა არაჩვეულებრივი ბავშვია, ასე მგონია, ჩემს ხელში გაიზარდა. როგორია იცით? დიდთან დიდი, პატარასთან პატარა. ძალიან გაგებული ბავშვია და ერთმანეთთან ძალიან შეხუმრებულები ვართ.
– როგორი შეგრძნება გაქვთ, როცა ზაზას თამაშს ესწრებით?
– უმართავი გულშემატკივარი ვარ. თამაშზე წასვლამდე საკუთარ თავს სულ ვაფრთხილებ, მარინა შენ სერიოზული ქალი ხარ, აღარ ხარ პატარა გოგო-მეთქი. მიუხედავად ამისა, თამაშის დაწყებიდან 5 წუთში, როგორ ვდგავარ სკამზე, არ ვიცი. ყველაფერი მავიწყდება და ჩემი ყვირილი ყველგან ისმის. რაც მთავარია, სულ ზაზას ვეჩხუბები, სხვას არავის. ზაზა მეუბნება, გაითვალისწინე, როცა თბილისშია თამაში, ყველას ესმის შენი ქართულიო. უცხოეთში ამ მხრივ უფრო თავისუფლება მაქვს და რასაც მინდა ვყვირივარ. თბილისში ძალიან მიჭირს. არასდროს ვჯდები ისეთ ადგილზე, სადაც სხვა მოთამაშეების ოჯახის წევრები სხედან. უფრო გიჟ „ბალეშიკებში“ მირჩევნია. ხანდახან ზაზას ვაგინებ, მაგრამ ამ დროს ვინმემ რომ მითხრას – მეცო, ხომ მოვკალი.
– როდის იგრძენით, რომ ზაზა გაიზარდა და ბავშვი აღარ იყო?
– დამიჯერეთ, ზაზა რომ დაიბადა, უკვე კაცი იყო. არ მიყვარს, რომ აქებენ, ჩემი შვილი ისეთია, 3 წლის ასაკში შექსპირს ორიგინალში კითხულობსო და ასე შემდეგ. ჩემს შვილს სულ კრიტიკულად ვუყურებ, მაგრამ ვაღიარებ, რომ დაიბადა, უკვე კაცი იყო. 3 წლის იყო, ქუჩაში ვიღაც უცნობმა მამაკაცმა მანქანა გაგვიჩერა. ბავშვიანად გავიწიე, უცნობმა მანქანა დახია უკან და კომპლიმენტი მითხრა. 3 წლის ბავშვი ვერ გავაჩერე, რატომ გაგიჩერა მანქანა, რა უნდოდაო. სულ გაგიჟდა. უკვე ეტყობოდა, რომ ტიპური ქართველი მამაკაცი იყო.
– როგორია ვარსკვლავის დედობა?
– არაჩვეულებრივი. ეს არის ჩემი ბედნიერება, მე სხვა ბედნიერება არ მქონია. შენი შვილი რომ უყვართ, ამაზე კარგი რა უნდა იყოს. სულ მეშინია ერთი რამის. ქართველებმა რა სისწრაფითაც ვიცით ადამიანის ცაში აყვანა, იმავე სისწრაფით ვიცით ძირს დანარცხება. სხვათა შორის, ზაზა ძალიან ნერვიულობს, როცა საქართველოში აქვს თამაში. მას ყოველთვის მეტი შეუძლია, ვიდრე აკეთებს. მისგან ყოველთვის ბევრს ვითხოვთ. გვავიწყდება, რომ ის ვარსკვლავიც ჩვეულებრივი, ჩვენნაირი ადამიანია. ქუჩაში ერთმა ბავშვმა მეორეს უთხრა, ბიჭო შენ რა ზაზა ფაჩულიას „პრიჩოსკა“ დაგიყენებიაო. სიხარულისგან კინაღამ ვიტირე. ერთხელ კროსვორდშიც კითხვა შემხვდა ზაზაზე. კინაღამ გავგიჟდი. მიხარია, ჩემი გაზრდილი, ჩემი სხეულის ნაწილი ასეთი რომ არის.
– რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი?
– ჩემი კომპლიმენტი ჩემი შვილია.
– როდის იყავით ყველაზე ამაყი საკუთარი შვილით?
– ზაზა ნამდვილი პატრიოტია და ამაში 2008 წელს, ომის დროს, დავრწმუნდი. ამერიკის საელჩოში უთხრეს, რომ ოჯახი გამოეყვანა. ზაზა ტელეფონში მიყვიროდა, მე დედა ცოცხალი მინდა, წამოდიო. მეც მინდა დედა და ვერ დავტოვებ აქ-მეთქი. ამის მერე, ზაზას რომ ჰკითხეს, შენი ოჯახი გამოვიყვანოთო? ჩემი ოჯახი მთელი საქართველოაო, უპასუხა. ეს რომ გავიგე, იცით რა დამემართა? აღარც ომის მეშინოდა და მზად ვიყავი, ცხელ წერტილში პირველი წავსულიყავი. ყველაზე ამაყი ჩემი შვილით, სწორედ მაშინ ვიყავი, როცა თქვა – მთელი საქართველოა ჩემი ოჯახიო. ამის შემდეგ ზაზა ორმაგად შემიყვარდა და საკუთარი თავიც, ასეთი შვილი რომ გამიზრდია.
მარიკა ხიდურელი
#NBAVOTE Zaza Pachulia

მასალის გამოყენების პირობები






