თბილისის ახალ სპორტის სასახლეში (მაღლივ კორპუსთან) ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი მატჩი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, ვეტერანი კალათბურთელები, სპორტსმენები და ჟურნალისტები.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონს ატარებს და ახლოსაა ისტორიულ მიღწევასთან - მონაწილეობას მიიღოს ყველა ვარსკვლავის მატჩში, რომელიც 14 თებერვალს, ტორონტოში გაიმართება. ხმის მიცემის პროცედურა დეკემბრიდან მიმდინარეობს და დღევანდელი მატჩიც სწორედ პროცესის გააქტიურებისთვის ჩატარდება.
შეხვედრაში მონაწილეობენ - მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონი ჭიდაობაში, საქართველოს წლის სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი; მინისტრის მოადგილეები; ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები; ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი; სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები; ვეტერანი კალათბურთელები, ქომაგები, ჟურნალისტები.
თამაშის ორგანიზატორია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო კალათბურთის ფედერაციასთან ერთად, მხარდამჭერი კი დეველოპერული კომპანია Royal Group.



მასალის გამოყენების პირობები






