როგორც "ნიუპოსტს" ჭიათურის მაღაროში დასაქმებულებმა აცნობეს, კომპანიამ 4 თვით მანგანუმის მოპოვება შეაჩერა.
როგორც ირკვევა, "ჯორჯიან მანგანეზის" მენეჯმენტმა მაღაროში დასაქმებულებთან 13 პუნქტიანი შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმად , 4 თვის განმავლობაში, ხელფასის 60% დაერიცხებათ და აქვე დაექვითებათ საშემოსავლოს 20%. სადაზღვეო პაკეტი კი ძალაში რჩება.
"ხელფასების პრობლემა ძალიან მწვავედ დგას. ჯამაგირის გაცემაზე უარს გვეუბნებიან. დოკუმენტაციაზე უკვე მოგვაწერინეს ხელი, რაც ითვალისწინებს მაღაროს მუშაობის 4 თვით შეჩერებას! ამის უფლებები, იმის უფლებები - სად ხართ ეხლა რომ გასუსულხართ და ხმას აღარ იღებთ?! არავის უფლებები აღარ ირღვევა მას შემდეგ რაც ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი, ქარდავა 1, ქარდავა 2, შამათავა ერთი, მეორე, გორგოძე, ფირცხალავა და სხვა სპეცსამსახურის, გიგი უგულავა და რეალურად ამ ქვეყნის ინტერესებში მებრძოლი ადამიანები ციხეში ჩასვეს?! მორჩით მუშაობას? დახურეთ ენჯეოები თუ სად ჯანდაბაში ხართ?!"- გვითხრა ერთ-ერთმა მუშამ, რომელიც ამბობს, რომ კომპანიის წინადადბას მხოლოდ იმიტომ თანხმდება, რომ ჭიათურაში სხვა სამსახური არ არსებობს.
"ნიუპოსტი" თემის გარკვევას შპს "ჯორჯიან მანგანეზში" შეეცადა, თუმცა როგორც კომპანიაში გვითხრეს, ინფორმაციის გაცემა არ სურთ.
"ადგილზე მობრძანდით და გაარკვიეთ. რომ ჩამობრძანდებით ყველაფერს ადგილზე გაიგებთ. კომენტარს ტელეფონზე არ მოგცემთ"- აღნიშნეს კომპანიაში.
მასალის გამოყენების პირობები






