ამის შესახებ „ნიუპოსტს“ თავად პოლიციელებმა განუცხადეს. მათი თქმით, ოზურგეთის პოლიციის სრული შემადგენლობის უმრავლესობა ხელმძღვანელობის პოლიტიკას აპროტესტებს.
როგორც ისინი ამბობენ, უკვე რამდენიმე კვირაა პირადი შემადგენლობა ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბენზინგასამართ სადგურებს დარაჯობს.
"კარგია, რომ ვიცავთ ბენზინგასამართ სადგურებს, მაგრამ ამისთვის ხომ შესაბამისი სამსახურები არსებობენ. ჩვენ კი ჩვენი მოვალეობა გვაქვს. "ვისოლის", "ლუკოილის" "რომპეტროლის", "სოკარის" და "გალფის" ბენზინ გასამართ სადგურებზე ჩვენი გამუდმებული მორიგეობის გამო, სხვა ყველაფერი დაუცველი რჩება, ჩვენ კი ჩვენის მხრივ, მაშინ როცა არც ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავდივართ და 24 საათიანი "ყარაულობა" გვიწევს, გამოფიტულები ვართ. საერთოდ არ გვძინავს, გახშირდა თავად ჩვენს შორის ავტოსაგზაო შემთხვევები და უამრავი სხვა წვრილმანი პრობლემები, რაც ერთობლიობაში გაუსაძლის პირობებს ქმნის. მოკლედ ასე თუ გაგრძელდა ყველანი წავალთ", - ამბობენ პოლიციელები, რომლებიც ვინაობის გამხელისაგან თავს იკავებენ.
მათი თქმით, გაუსაძლის პირობებში მყოფი პოლიციელები, ცენტრალურ ხელმძღვანელობას დახმარებას სთხოვენ. ისინი პრობლემის მიზეზად ადგილობრივი ხელმძღვანელების არაკომპეტენტურობას ასახელებენ.
ცნობისათვის: გურიასა და განსაკუთრებით ოზურგეთში, ბოლოს კრიმინოგენური ვითარება დაძაბულია, ყოველდღე იძარცვება პატარ-პატარა მაღაზიები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, ადგილი აქვს ჯგუფურ საქმის გარჩევებს, გახშირდა ხულიგნობა და იმატა ყაჩაღობებმა.
რაც შეეხება გასულ წელს მომხდარ ბენზინგასამართი სადგურების დაყაჩაღების ფაქტებს, ისინი დღესაც გაუხსნელია.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






