ანტონ ვან დეიკის ტილოს - მითიური სცენის გარშემო დავა გრძელდება. გამოძიება მიმდინარებს, გრძელდება ექსპერტიზა ტილოს ავთენტურობის დასადასტურებლად. ვის დარჩება საბოლოოდ ძვირადღირებული ნამუშევარი, უცნობია, თუმცა საქმის ირგვლივ ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი მოსაზრება და განცხადება გაჟღერდა.
თბილისელი ეკა აბაშიძე აცხადებს, რომ ნახატი ვაკეში, ერთ-ერთ საკომისიო მაღაზიაში 5 000 დოლარად შეიძინეს, ისე, რომ არ იცოდნენ მისი რეალური ავტორის ვინაობა. 5 წლის შემდეგ კი მათ ნამუშევრის გაყიდვა მოუწიათ.
აბაშიძის თქმით, ნახატი მალხაზ მახარაძესა და ზაჰირ ჰუსეინოვს 37 000 დოლარად მიჰყიდეს. თუმცა, ამ თანხიდან მხოლოდ 7 000 დოლარის მიღება მოახერხეს. 30 000 კი მახარაძესა და ჰუსეინოვს დღმდე არ მიუციათ.
როგორც ეკა აბაშიძე აცხადებს, თანხის დაბრუნებას სასამართლოს გზით შეეცადნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით კი ზაჰირ ჰუსეინოვს 30 000 დოლარის გადახდა დაეკისრა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის სახელზე არაფერი იყო დარეგისტრირებული და შესაბამისად, ოჯახმა თანხა ვერ დაიბრუნა.
განცხადება გაკეთდა ჰუსეინოვის მხრიდანაც. ეს უკანასკნელი ამბობს, რომ ტილო აბაშიძეების ოჯახისგან სრულიად კანონიერად შეიძინა. ჰუსაინოვის განცხადებით, მას ხელშეკრულება და ყველა დოკუმენტი აქვს, რომელიც ადასტურებს რომ ნამუშევარი მისი კუთვნილებაა.
რაც შეეხება სურათის დაკარგვის ისტორიას, ჰუსეინოვის განცხადებით, თავდაპირველად ტილო გასაყიდად სამსუნში მეგობართან დატოვა, თუმცა ოჯახიდან ნამუშევარი მისი მეგობრის შვილმა მოიპარა.
„ადგილობრივ პროკურატურაში ეს ფაქტი გავასაჩივრეთ, თუმცა საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. მეც დაზარალებული ვარ, რადგან სურათის საფასური ჩემთვის არავის გადაუხდია“ - აცხადენს ის.
ამის პარალელურად დღეს ცნობილი გახდა, რომ აბაშიძეების ოჯახი ნოტარიუსიდან იმ დოკუმენტაციის წამოღებას გეგმავს, რომლითაც, როგორც ამბობენ, მტკიცდება, რომ ტილო ნამდვილად მათი საკუთრება იყო და 2010 წელს ის ზაჰირ ჰუსეინოვს მიჰყიდეს.
ეკა აბაშიძე თბილისის საქალაქო სასამართლოდან იმ საბუთებს გამოითხოვს, რის საფუძველზეც 2013 წელს ზაჰირ ჰუსეინოვს ქონება დაუყადაღდა, რადგან მან მხოლოდ თანხის ნაწილი, 8 ათასი დოლარი, გადაუხადა აბაშიძეებს.
ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორმაც იასაუბრა.
მისი ინფორმაციით, ნებართვის გაცემაზე 10 კაციანი კომისია მუშაობდა და მათ შორის იყვნენ ხელოვნებთმცოდნეები. თუმცა დოკუმენტში, რომელიც დათარიღებულია 2010 წლის დეკემბრით, მხატვრის ვინაობა მითითებული არ არის. ტილოს შექმნის ადგილად ევროპაა მითითებული.
„საკითხი განხილულია მაშინ მოქმედ კომისიის სხდომაზე, ახლავს დასკვნა, სადაც შექმნის ადგილად დასახელებულია ევროპა, თუმცა ნახატის ავტორი არის უცნობი. ამის საფუძველზე მომზადდა შესაბამისი ნებართვა, რომელიც გაიცა 2008 წლის 10 დეკემბერს. საკითხს იხილავდნენ ჩვენი კოლეგები“, - განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორმა ბესიკ მაცაბერიძემ.
როგორც ირკვევა ექსპერტებმა ტილო მე-19-20 საუკუნის უცნობ ევროპელ მხატვარს მიაკუთვნეს.
ნახატის გატანის ნებართვაზე კი ხელი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ხელოვნებათმცოდნეებმა: მაია ციციშვილმა, დალი ლებანიძემ და ბორის ხატისკაცმა მოაწერეს.
დალი ლებანიძე დღემდე დარწმუნებულია, რომ ტილო ვან დეიკს არ ეკუთვნის.
"ეს უგემოვნო, დაუსრულებელი დეტალია, რომელიც ვან დეიკის სტილსა და ხელწერას არ ჰგავს." - განაცხადა მან.
ვან დეიკის ტილოს საკითხზე ურთიერთბრალდებები მას შემდეგ გაისმა, რაც თურქეთში მისი გაყიდვის მცდელობისას ორი ადამიანი დააკავეს.
ექსპერტიზის შემდეგ კი თურქმა ხელოვნებათმოცოდნეებმა, პირველადი ინფორმაციით ტილო მე-17 საუკუნის ცნობილი ფლამანდრიელი მხატვრის ანტონ ვან დეიკის ფუნჯს მიაკუთვნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნახატი თურქეთში საქართველოდან კონტრაბანდული გზით შეიტანეს.
აღნიშნულ ვერსიას არ გამორიცხავს, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა.
როგორც მან „ნიუპოსტს“ განუცხადა, ტილო შესაძლებელია არალეგალური გზითაც გაეტანათ, ან ნამუშევარი სხვა ავტორს მიაკუთვნეს.
„ჩემი მინისტრობის დროს ვან დეიკის ნამუშევრის წარდგენა სამინისტროსთვის არ მომხდარა. თუ ეს გასულია ლეგალური გზით, ის არის გასული არა როგორც ვან დეიკის, არამედ როგორც ვინმე სხვა ადამიანის ნაშრომი. ტილოს ავთენტურობა და მისი საზღვარგარეთ გატანა ექსპერტიზისა და სამართალდამცავთა პრეროგატივაა. თუ ლეგალურად გავიდა ამის საბუთი არქივში აუცილებლად იდება. როგორც ითქვა მოიძებნა ეს დოკუმენტაცია ნებართვაც გაცემულია და სამარჩიელოც აღარაფერია“- აღნიშნა კულტურის ყოფილმა მინისტრმა.
როგორც რურუამ განმარტა, თუ აბაშიძეც ხელშეკრულებით გათვალსიწინებული თანხა არ გადაუხადეს, მას აქვს უფლება ტილოს დასაბრუნებლად სასამართლოში იდავოს.
„ამ ქალბატონს ნახატის დაბრუნების შანსი გააჩნია“- განმარტა რურუამ.
ფაქტია, რომ ვან დეიკის ტილოს მფლობელობაზე ჰუსეინოვებისა და აბაშიძეების ოჯახები ერთდროულად აცხადებენ პრეტენზიას.
ორივე მხარე თურქი ექსპერტების დასკვნას ელოდება, რომლითაც გახდება ცნობილი, არის თუ არა ტილო ნამდვილად ვან დეიკის მიერ შექმნილი.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






