ტრაგედია პირველ სასრიალო სპორტულ ტრასაზე მოხდა, წინასწარი ვერსიით, 19 წლის ბიჭმა თხილამურები ვერ დაიმორჩილა და 12 წლის ბავშვს დაეჯახა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ბიჭი კი დაშავდა და ამ დროისთვის მკურნალობას გუდაურის ამბულატორიულ საავადმყოფოში გადის.
მომხდარის ირგვლივ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება.ერთ-ერთის მიხედვით ახალგაზრდა ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ტურისტების ნაწილი კი გაუმართავ სათხილამურო ტრასებზე ჩივის და უბედურ შემთხვევას ამ უკანასკნელს უკავშირებს.
„ნიუპოსტის“ მკითხველმა გუდაურის კურორტზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რედაქციას კრიტიკული წერილი გამოუგზავნა.
დამსვენებელი ყვება, რომ გონდოლა, რომელსაც ტურისტები ახალი გუდაურიდან საძელეს მთისაკენ აჰყავს, ხშირად გამოდის მწყობრიდან, რითაც დამსვენებლების სიცოცხლეს საფრთხე ექმნება.
„ყოველ სეზონზე არის დიდი პრობლემა. გონდოლა ჩერდება და საჭიროა ხალხის ევაკუაცია. ძალიან ბევრი უკვე აღარც სარგებლობს ამ საბაგიროთი, გონდოლაში 5 საათი რომ არ გაიჭედოს (შარშან 5 საათი დაჭირდა რომ თოკებით ჩამოეყვანათ ბოლო ტურისტი). ბოლო სამი წელია, ჯერ სეზონი არ გასულა ისე, რომ ავარიულად რამდენჯერმე არ გამოირთოს. ხალხის ევაკუაცია 30 მეტრი სიმაღლიდან საკმაოდ სარისკო ამბავია. ეს გრძელდება უკვე რამდენიმე წელია და ამას ბოლო არ უჩანს. არა და საბაგირო სულ ახალია“- წერს ჩვენი მკითხველი.
მისი ინფორმაციით გუშინ, კვირა დღეს როცა ტურისტების რაოდენობა პიკს აღწევს, გონდოლა არ ჩართეს.
დამსვენებლებისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი არც კი უცნობებიათ.
„ახალი გუდაურიდან ხალხი "ბათინკებით" და თხილამურებით ხელში მიდიოდნენ მეორე საბაგიროსთან. სადაც შეიქმნა დიდი საცობი“ - აღნიშნავს უკმაყოფილო დამსვენებელი.
გაუმართავი ტრასების, მწყობრიდან გამოსული საბაგიროს გარდა, დამსვენებლები სასტუმროების წყალმომარაგების პრობლემასაც უჩივის.
„ნიუპოსტი“ აღნიშნულ თემებზე გუდაურის ტურიზმის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კარიჭაშვილს ესაუბრა, რომელიც ამავდროულად სასტუმრო "თრუსოს" დამფუძნებელია.
კარიჭაშვილმა ჩვენთან საუბრისას გონდოლის ხშირად გათიშვის ფაქტი არ უარყო, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ტურისტების 30 მეტრი სიმაღლიდან ევაკუაცია მათ სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.
„საქმის კურსში ვარ, იმდენად რამდენადაც გუდაურის ტურიზმის ასოციაციის გამგეობის წევრი და სასტუმროს მფლობელი ვარ. გონდოლა ისეთივე სიხშირით ფუჭდება, რა სიხშირითაც კანატკები, ამას სისტემატიური ხასიათი არ აქვს. ფუჭდება, მაგრამ არ გამოვარჩევდი...“ აღნიშნა მან.
„არ გეთანხმებით, იმაში რომ ტურისტების გამოყვანა გაჩერებული გონდოლიდან რისკის შემცველია. გონდოლა დგას ჩვეულებრივ, სულ რამდენიმე ბოძია, რომელიც შედარებით მაღალია, შეიძლება მაგაზე კამათი, რამდენად სწორად დამონტაჟდა თავის დროზე, მაგრამ მაშველები თავის საქმეს პროფესიონალურად ასრულებენ“- უთხრა „ნიუპოსტს“გუდაურის ტურიზმის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ.
რაც შეეხება გუშინ მომხდარ უბედურ შემთხვევას, მის გამომწევ მიზეზებზე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ მომხდარის მიზეზებს გამოძიება ადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






