ზაჰირ ჰუსეინოვი, რომელმაც აბაშიძეების ოჯახისგან ანტონ ვან დეიკის ტილო შეიძინა, კულტურის სამინისტროში მისვლას გეგმავენ.
მასთან ერთად სამინისტროში მისვლას გეგმავს მალხაზ მახარაძეც, რომელიც აბაშიძეებსა და ჰუსეინოვს შორის შუამავალი იყო.
როგორც „რუსთავი 2“-ს ჰუსეინოვმა განუცხადა, ისინი სამინისტროსგან არქივს გამოითხოვენ, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ ტილო ქვეყნიდან ლეგალურად გაიტანეს.
შესაბამისი დოკუმენტაციის ამოღებას ისინი საბაჟოდანაც გეგმავენ.
„ვაპირებთ, რომ ჩვენი მოთხოვნები კულტურის სამინისტროს გავაცნოთ. ნახატი ნამდვილად ჩვენია, არც მოგვიპარავს და არც კონტრაბანდული გზით გადაგვიტანია. სარფის საბაჟოზე შეგვამოწმეს და გაგვიშვეს. ჩვენ კომისიას თანხაც გადავუხადეთ 60-80 ლარის ოდენობით. ჩვენ ყველგან შეგვიძლია სიმართლე დავადასტუროთ. თუ პროკურატურაში დაგვიძახებენ აუცილებლად გამოვცხადდებით“, - ამბობს ჰუსეინოვი.
მას შემდეგ რაც თურქული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნახატის არალეგალურად გაყიდვის ბრალდებით ორი ბიზნესმენი დააკავეს, თბილისში აბაშიძეების ოჯახმა განაცხადა, რომ ტილო მათ ეკუთვნოდათ.
ოჯახის ინფორმაციით, ეს ნახატი მათ ოჯახში 15 წლის განმავლობაში ინახებოდა და გადაწყვეტილება ნახატის გაყიდვის შესახებ 2010 წელს მიიღეს. აბაშიძის თქმით, ნახატის იმ დროს 80-100 ათას დოლარად იყო შეფასებული. თუმცა როგორც აბაშიძე ამბობს, ნახატი 37 ათას დოლარად გაყიდეს. ოჯახის ინფორმაციით, მყიდველმა მათ მხოლოდ 7 ათასი დოლარი გადაუხადა.
მასალის გამოყენების პირობები






