ინდოეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლევან ნიჟარაძეს დღეს დაკრძალავენ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ინდოეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონ ლევან ნიჟარაძის გარდაცვალების გამო. ეს დიდი დანაკლისია ჩვენთვის - მისი კოლეგებისა და მეგობრებისთვის. ბატონი ლევანი, როგორც მაღალპროფესიონალი დიპლომატი ორ ათწლეულზე მეტია ემსახურება სამშობლოს. 2014 წლიდან იგი გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში, აკრედიტებული ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკას დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს ბატონ ლევანის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, ნიჟარაძე ავადმყოფობის შედეგად 2 იანვარს ნიუ დელის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






