პატრიარქის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმე, რაც კი შეიძლება ამქვეყნად აღასრულოს ადამიანმა, არის ლოცვა.
ამის შესახებ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.
როგორც ილია მეორე ბრძანებს, საერო პირთათვის ლოცვა პირდაპირი მოვალეობაა.
„იგი საუბარია ღმერთთან, სინანულია, მის წინაშე სულისა და გულის განფენაა. ეკლესიის და სასულიერო პირებისათვის ლოცვა პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ იგი ასევე მოვალეობაა საერო პირთათვის.
აი, როგორ გვარიგებს მოციქული: ,,უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს; ხარობს ვინმე? ფსალმუნი იგალობოს...რწმენის ლოცვა იხსნის სნეულს...და თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, მიეტევება; ილოცეთ ერთმანეთის გამო...ბევრი რამ ძალუძს მართლის ლოცვას"(იაკ. 5. 13, 15-16).
მართალში კი მაცხოვრის მცნებებით მცხოვრები პიროვნება იგულისხმება, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულით იქნება შემოსილი, რადგან ,,სიყვარულია სიმტკიცე სრულქმნილებისა" (კოლ.3,15).
ასეთი ადამიანი სხვათაგან დიდად განირჩევა. იგი ,,სულგრძელია და ტკბილი. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს, არ შეჰხარის უსამართლობას, ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს (Iკორ. 13.4-9). სიყვარულის გარეშე კი, ღვთის წინაშე, ნებისმიერი სათნოება აზრს კარგავს და უქმდება. აი, რა სულისშემძვრელ სიტყვებს ამბობს წმ. პავლე მოციქული:
,,კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე...წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო, და მქონდეს სრული რწმენა ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ...მთელი ჩემი ქონება რომ გავყიდო გლახაკთათვის, და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არარას მარგია" (I კორ.13.1-3)“, - ნათქვამია ეპისტოლეში.
მასალის გამოყენების პირობები






