რამდენიმე დღის წინ ბერა ივანიშვილი 21 წლის გახდა. მომღერალმა ეს დღე საყვარელი ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარა და იგივე გეგმა აქვს კიდევ ერთი დღესასწაულის – ახალი წლისთვისაც. 2015 წლისგან განსხვავებით, როცა ძირითადად სიმღერების წერით იყო დაკავებული, მომღერალი ახალი წლიდან თავის მსმენელებს ბევრ სიახლესა და კონცერტს ჰპირდება.
– ბერა, 23 დეკემბერს 21 წლის გახდი, როგორ გაატარე ეს დღე?
– ჩემი დაბადების დღე ჩემს ოჯახთან ერთად, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გავატარე. ფორმალურად, განსაკუთრებული არაფერი დამიგეგმავს, თუმცა ჩემთვის ყველაზე მეტად განსაკუთრებული სწორედ ის დღეებია, რომლებსაც ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებ. ამიტომ, წელსაც, ჩემს 21-ე დაბადების დღეზე გადავწყვიტე, მათთან და, კიდევ, ჩემს დიდ ოჯახთან ერთად ვყოფილიყავი, რომელშიც ჩემს მეგობრებსაც ვგულისხმობ და რომლებთანაც მე ყოველ დღეს ვატარებ.
– გამორჩეულად კარგად რომელი დაბადების დღე გახსენდება?
– გამორჩეულად ბავშვობის დროინდელი დაბადების დღეები მახსენდება. მაშინ ყველაფერზე დედა ზრუნავდა. ჰქონდა სხვადასხვა იდეა და მიწყობდა უამრავ სიურპრიზს. სახლს ისე რთავდა, რომ, მეორე დილით გაღვიძებულს თავი სხვა სამყაროში მეგონა. ამიტომ, ეს დღე ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო და, არ მახსენდება სხვა არაფერი, რასაც ისე მოუთმენლად ველოდი, როგორც საკუთარ დაბადების დღეს, რაც ჩემი დედიკოს დამსახურებაა. როგორც სიმღერაში ვამბობ: „ყველაზე ლამაზი ბავშვობა მაჩუქეს, 23 დეკემბერს ველოდები საჩუქრებს“ (იცინის).
– რამე განსაკუთრებული სურვილი არ გქონია დაბადების დღისთვის?
– კონკრეტულად რომელიმე საჩუქარი არ მახსენდება, მაგრამ, სხვათა შორის, ერთი თვისება მაქვს – სიხარულის მიუხედავად, ემოციების გამოხატვა მიჭირს ხოლმე, რაც განსაკუთრებით ბავშვობაში მახასიათებდა. ბევრჯერ უჩუქებიათ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი, რომელსაც დიდხანს ველოდი და, იმდენად გამხარებია, რომ იმ მომენტში, რა მექნა, ისიც აღარ ვიცოდი. ლამის უფიქრიათ ხოლმე, რომ მეწყინა (იცინის). სიხარულის გამოხატვა დღესაც მიჭირს.
– ამას უმადურობაში არ გითვლიან ისინი, ვინც კარგად არ გიცნობენ?
– არა, ამ გაგებით არ ვამბობ. აქ იმ ადამიანებს ვგულისხმობ, ვისაც ახლოს ვიცნობ, თორემ, სხვებთან ეს, რა თქმა უნდა, უზრდელობასა და სიცივეში არ გადამდის. ისე კი, ყველაზე კარგად ემოციებისა და გრძნობების გამოხატვა ჩემი მუსიკით შემიძლია.
– რამდენიმე დღეში ახალი წელია, რა გეგმები გაქვს ამ დღესთან დაკავშირებით?
– ამ დღისთვის ჩვენს ოჯახში ერთი ტრადიციაა, რომელსაც ყოველ წელს ვასრულებთ: ვიკრიბებით ოჯახის ყველა წევრი და ახალ წელს ერთად ვხვდებით. ჩემი უფროსი ძმა, როგორც იცით, საფრანგეთში სწავლობს, ჩემი დაიკოც ამერიკაში გაემგზავრა სასწავლებლად, მეც ხშირად ვმოგზაურობ, მაგრამ, პირობა გვაქვს დადებული, რომ, მთელი წლის განმავლობაში სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ოჯახის ყველა წევრი მაინც აქ უნდა შევიკრიბოთ და ერთად შევხვდეთ ახალ წელს. ბუნებრივია, წელსაც იმავეს ვაპირებთ.
– შენი ნაძვის ხე სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა, შენც ხომ არ მიგიღია მის მორთვაში მონაწილეობა?
– სიმართლე გითხრათ, ასეთ საკითხებში მე საკმაოდ უნიჭო ვარ, კარგად არ გამომდის და ყოველთვის დედა მეხმარება ხოლმე (იცინის). წელს ჩემი უმცროსი ძმის ნათლიებიც გვეხმარებოდნენ და, მართალაც, ის საკმაოდ პოპულარული გახდა, სოციალურ ქსელში უამრავი მოწონება დაიმსახურა. მართალია, რამდენიმე უარყოფითი შინაარსის დიალოგსაც მოვკარი თვალი კომენტარებში, მაგრამ, იმდენად ჭკვიანურად იყო უკვე მათზე პასუხი გაცემული, რომ ჩემს პასუხს აღარ საჭიროებდა.
– ძმის ნათლიები ახსენე. ცოტა ხნის წინ შენ ირაკლი ღარიბაშვილის უმცროსი ვაჟის ნათლია გახდი, ეს ვისი იდეა იყო?
– მე სულ ოთხი ნათლული მყავს. ჩემი პირველი ნათლულია კახა კალაძის შვილი – ლევანიკო; მეორე ნათლულია პატარა ბერა ბადუაშვილი, კომპოზიტორ ავთო ბადუაშვილის შვილიშვილი, რომელთანაც უკვე წლებია, ვმუშაობ და ვმეგობრობ.
– პატარას ნათლიის პატივსაცემად დაარქვეს ბერა?
– დიახ. ჩემ გარდა ბევრი ბერა არ შემხვედრია (იცინის). პატარა ბერას 21 დეკემბერს აქვს დაბადების დღე. ორი დღე ვეღარ მოიცადა, თორემ, ერთად გვექნებოდა (იცინის). ჩემი მესამე ნათლული – ტასიკო, ჩემი პატარა პრინცესაა, ისიც ჩვენი ოჯახის ახლობლის შვილია და, მეოთხეა გაბრიელ ღარიბაშვილი. მოკლედ, ყველანი ჩვენი ოჯახის ახლობლები არიან. ნათლობას დიდი პასუხიმგებლობით ვეკიდები. ადამიანთან ცხრა თაობით ნათესავდები და ამ საკითხში ზედაპირულობა არ შეიძლება. ვცდილობ, ჩემი ნათლულები ხშირად ვნახო და დრო მათთან ერთად გავატარო. ოთხივე მართლა მთელი გულით მიყვარს და, ზოგადად, ბავშვები ჩემი სისუსტეა. რაც შეეხება გაბრიელის მონათვლას, მე და ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წლის წინ დავთქვით, რომ მისი მომდევნო შვილი მე უნდა მომენათლა – ეს ორივეს სურვილი იყო. როცა პატარა გაბრიელი დაიბადა, ამერიკაში ვიყავი. ირაკლიმ რომ შემატყობინა და მითხრა, მინდა, ნათლია შენ იყოო, ძალიან გამიხარდა.
წყარო: "თბილისელები"
მასალის გამოყენების პირობები






