გერმანიაში ქართული პოეზიის ანთოლოგია გამოიცა და ეს ყველაფერი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. როგორც შევიტყვეთ ანთოლოგიის პრეზენტაცია 15 იანვარს, გოეთეს ინსტიტუტში ჩატარდება. „ნიუპოსტი“ დავით დეფის დაუკავშირდა და მისგან კიდევ უფრო დაწვრილებით შეიტყო ამ საინტერესო ფაქტის შესახებ.
„ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, გერმანიაში ქართული პოეზიის ანთოლოგია გამოიცა. ავტორები გერტ რობერტ გრუნერტ და ნინო პოპიაშვილი არიან. გამომცემლობა პოპ ფერლაგ. წიგნში 83 ქართველი პოეტია სხვადასხვა ეპოქიდან. მათ შორის გახლავართ მეც, ორი ნამუშევრით: „21 რიტუალური კოცნა", „ალფასა და ომეგას მანიფესტი". საოცრად დიდი ნამუშევარია, ნინო პოპიაშვილმა შეუძლებელი შეძლო. იწყება „ვეფხისა და მოყმეს ლექსით", გრძელდება თავის ჩახრუხაძეთი და შავთელით, რუსთველითა და დავით აღმაშენებლით, აკაკით ილია და ვაჟათი, გალაკტიონით ტიციანით და ასე შემდეგ მთელი ეპოქებით მუხრანამდე და ჩვენამდე. მე, ირაკლი ჩარკვიანი, რატი ამაღლობელი, ზურა რთველიაშვილი, ზვიად რატიანი, გიორგი კეკელიძე, ლია ლიქოკელი და ა.შ. ამ წიგნზე დოქტორები ნინო პოპიაშვილი და გერტ რობერტ გრუნერტი თითქმის ორი წელი მუშაობდნენ და ეს უშველებელი, 578 გვერდიანი უმაღლესი ხარისხით გამოცემული ბრწყინვალედ ნათარგმნი წიგნი, თავისი კომპაქტ დისკით, სადაც 30 თანამედროვე ავტორი, მათ შორის მეც თავის ლექსებს ქართულად კითხულობენ, გერმანიის ბაზარზე ქართულ პოეზიას, მსოფლიო პოეზიის კონტექსტში მთელი თავისი ბრწყინვალებით წარმოაჩენს. ამხელა და ასეთი ანთოლოგია არავის არასდროს არ გაუკეთებია, ესაა ნინო პოპიაშვილის საოცარი შეუპოვრობის და შრომისუნარიანობის და გერტ რობერტ გრუნერტის წმინდა გერმანული მოწესრიგებულობის და ნებისყოფის შედეგი“- ამბობს დავით დეფი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები