რეჟისორი, ლევან ციქურიშვილი უკვე 15 წელია რაც საქართველოდან გაემგზავრა და კარიერას შვედეთში განაგრძობს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ უკვე წლებია მისი სახელი შვედეთსაც გასცდა და უამრავ საინტერესო პროექტზე აქვს ნამუშევარი. გადაღებული აქვს 70-მდე ვიდეო კლიპი და არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი მოხვედრილა მის ობიექტივში. ბოლო 5 წელია მუშაობს ავიჩისთან, რომელსაც ჩვენი დროის მაიკლ ჯექსონსაც კი ეძახიან. ალბათ ბევრისთვის ეს ფაქტი უცნობი იყო. დიახ, 25 წლის მსოფლიო დონის ვარსკვლავად აღიარებულ არტისტსა და ქართველ რეჟისორს უკვე თანამშრომლობის 5 წელი აკავშირებს. ლევანი საქართველოში 7 წელია არ ყოფილა. თბილისს რამდენიმე დღით ესტუმრა და „ნიუპოსტის“ შეკითხვებსაც უპასუხა.
„ავიჩის რეჟისორი ვარ უკვე 5 წელია. მის გვერდში მდგომი ადამიანები ძალიან კარგად ვხედავთ მის ზრდას, რადგან ავიჩის 50 კაციანი კონცერტიც ნანახი გვაქვს და 50 000-იც. დამეთანხმებით, რომ საკმაოდ დიდი განსხვავებაა და ჩანს როგორ გაიზარდა მისი პროფესიონალიზმი. ფაქტიურად თვითმფრინავში ვცხოვრობთ. ერთი ქალაქიდან, მეორე ქალაქში მივფრინავთ და ასე შემდეგ. სულ ტურნეები, რაც ადვილი ნამდვილად არ არის. თავიდან მატარებლით დავდიოდით, მერე თვითმფრინავით, მერე კერძო თვითმფრინავით. იყო სასტუმროს პატარა ნომრები, რომელიც მოგვიანებით ძვირადღირებულმა ვილებმა ჩაანაცვლა. მართლა ძალიან საინტერესო საფეხურები გავიარეთ ერთად“- ამბობს ლევან ციქურიშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
ამჯერად ლევანი, ავიჩის შესახებ უკვე მეორე დოკუმენტურ ფილმს იღებს, რომელზეც BBC Worldwide-სთან ერთად მუშაობს. ფილმში 18 მსოფლიო დონის ვარსკვლავი მონაწილეობს. მაყურებელი კი მას 2016 წელს იხილავს. ცნობილი დიჯეისა და არტისტის, ავიჩის შესახებ მას უკვე გადაღებული აქვს ერთი ფილმი, რომელიც 12-მა ქვეყანამ აჩვენა. ამ ფილმში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა მადონამ, რომლის გამოჩენაც თავისთავად ხაზს უსვამს 25 წლის ავიჩის ნიჭიერებასა და პოპულარობას.
ლევანს ასევე გადაღებული აქვს დევიდ გეტას, მობის და სხვა ცნობილი დიჯეებისა და არტისტების მუსიკალური კლიპები. ქართველ რეჟისორზე რეცენზიებს წერს „ბილბორდიც“, რაც ყველა ხელოვანი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია. „ბილბორდმა“, ლევანის კლიპები, სერჯო ლეონეს ცნობილ ფილმებს შეადარა.
ლევან ციკურიშვილი წლების წინ გამოჩნდა ასევე ჰაუსის არტისტების ფესტივალზეც, რომელთანაც დღემდე ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს: „სტოკჰოლმში „ჰაუსის“ არტისტების ფესტივალი – SUMMERBURST ჩატარდა, რომელშიც დევიდ გეტა, ერიკ პრიცი და კიდევ არაერთი ცნობილი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ადრე მეც ვუკრავდი იქ როგორც დიჯეი, მაგრამ ახლა უკვე რამდენიმე წელია ამ ფესტივალის მთავარი რეჟისორი ვარ და ვეღარ ვახერხებ მონაწილეობას.
მართალია ლევანმა 15 წლის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა, თუმცა იმედს იტოვებს, რომ მალე საკუთარ სამშობლოსთან საქმიანი ურთიერთობაც დააკავშირებს და უფრო ხშირად შეძლებს სტუმრობას.
მარიკა ხიდურელი
მასალის გამოყენების პირობები