„ტელეარხი 25“-ის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები გია სურმანიძის გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს უწოდებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით „ტელეარხი 25“-ის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ.
„გია სურმანიძის მიერ 31 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება, გაეთავისუფლებინა ტელევიზიის ყველა თანამშრომელი, გარდა ტექნიკური და ფინანსური სამსახურებისა, მიგვაჩნია რომ უსაფუძვლოა. მოვითხოვთ ხელმძღვანელისგან ნათლად განმარტოს, რას ეფუძვნებოდა საინფორმაციო სამსახურის მთელი გუნდის დათხოვნა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა განცხადება დირექტორმა 2015 წლის ბოლო საინფორმაციო გამოშვების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გაასაჯაროვა, რამაც საშუალება არ მოგვცა ჩვენი პოზიცია დაუყონებლივ გაგვევრცელებინა.
რაც შეეხება გაკეთებულ განცხადებებს, იმის თაობაზე რომ ტელევიზიაში არის ზეწოლა თავისუფალ სიტყვაზე, თანამშრომლები არ ვეთანხმებით. იმის გათვალისწინებით, რომ მასალა, რომელმაც ორ თანამშრომელს შორის კონფლიქტი წარმოშვა, ეთერში 13 დეკემბერს გავიდა, სიტყვიერი დაპირისპირება კი ფაქტს მეორე დღეს მოჰყვა, რასაც ორ თანამშრომელს შორის პირად კონფლიქტად განვიხილავთ. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი ეთერით არაერთხელ გასულა სხვადასხვა სახის კრიტიკული მასალა ოჯახის წევრებისა და ახლობლების შესახებ და ხელმძღვანელობის მხრიდან ჩარევას ან რაიმე მითითებას ადგილი არ ჰქონია.
გამომიდარე იქიდან, რომ აღნიშულ შემთხვევამდე და არც მას შემდეგ დირექტორისა თუ მფლობელისაგან ჩვენს საქმიანობაში ჩარევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, არ გვაქვს საფუძველი არ დავუბრუნდეთ საქმიანობას ტელევიზიაში. დირექტორის მტკიცებით, საინფორმაციო გამოშვება „მაცნე“ პირდაპირ ეთერს 11 იანვარს განაახლებს.
ვგრძნობთ რა საზოგადოების წინაშე აღებულ პასუხიმგებლობას, იმ შემთხვევაში თუ რაიმე სახით ზეწოლის მცდელობას სამომავლოდ ადგილი ექნება, ჩვენ პირველები ვიქნებით, რომლებიც ამის შესახებ საჯაროდ ვისაუბრებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტელეკომპანიის საინფრამციო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, დირექციის გადაყვწეტილების შესახებ ჟურნალისტებისთვის ცნობილი სატელევიზიო ეთერით გახდა. მიზეზად კი უმართავი პროცესები დასახელდა, რაც ერთ-ერთი თანამშრომლის ნათესავის დაკავების შესახებ ინფრამციის გაშუქებას მოჰყვა. კომაპნიის ერთ-ერთი მფლობელი გავრცელებულ ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებს. ჯემალ ვერძაძის განცხადებით, სამსახურიდან საახალწლოდ მხოლოდ 3 თანამშრომელი გაუშვეს.
მასალის გამოყენების პირობები






