"მთელი ღამის განმავლობაში, უამინდობის, ძლიერი თოვლისა და ქარბუქის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, იმერეთში, სამეგრელოსა და გურიის ზონაში. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო მაღალმთიან რაიონებში, სადაც თოვლის საფარმა დაახლოებით 1 მეტრს მიაღწია. ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობდა დაზიანების ადგილებში, რომ დროულად მოეხდინა აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება ყველა რაიონულ ცენტრს, ქალაქს და მიმდებარე ცენტრალურ დასახლებებს; ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება დასავლეთ საქართველოში არსებული აბონენტების მხოლოდ 4-5%.
ტექნიკური სამსახური სრულად მობილიზებულია. დასავლეთ საქართველოში გადმოგზავნილია დამატებითი ბრიგადები აღდგენითი სამუშაოების ოპერატიულად საწარმოებლად; ისინი აგრძელებენ მუშაობას 24 საათიან საგანგებო რეჟიმში, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოახდინონ დარჩენილი აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა."- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






