ხანძრის შედეგად დაზარალებულმა კომპანიამ თბილისის მერიისგან იაფი სესხი მიიღო. კომპანია "ალბიონი+"-ისთვის 95 000 ლარის იაფი სესხის დამტკიცებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თბილისის მთავრობამ მიიღო.
"ალბიონი+" თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ,,მეწარმეობის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. კომპანიამ სესხი წლიურ 3 %-ად, 60 თვის ვადით მიიღო.
"ალბიონი+"-ის კუთვნილი შენობა სასაწყობო ფართით (575 კვ.მ) 2015 წლის 4 აგვისტოს ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ბიზნესპროექტი დამწვარი შენობის აღდგენას, საწყობის განახლებას და ბიზნესსაქმიანობის გაგრძელებას ითვალისწინებს.
იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის პროექტი, რომელიც მეწარმეებს სესხის 6%-ად აღების საშუალებას აძლევს, თბილისის მერიის პროგრამის „მეწარმეობის მხარდაჭერა“ ფარგლებში ხორციელდება. მიმდინარე წლის ოქტომბერში დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პროექტში დამატების სახით შევიდა ცვლილება და სესხით სარგებლობა სტიქიური მოვლენის/სტიქიური უბედურების, ასევე ხანძრის ან შენობა-ნაგებობის დაზიანების/დანგრევის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს წლიური 6%-ის ნაცვლად 3%-ად შეუძლიათ.
მასალის გამოყენების პირობები






