როგორი იქნება წითელი მაიმუნის წელი და რა უნდა გაითვალისწინოს 12 ნიშნის ქვეშ დაბადებულმა თითოეულმა ადამიანმა - ამის შესახებ "რეზონანსთან" ინტერვიუში ასტროლოგი გიორგი რამიშვილი საუბრობს.
გიორგი რამიშვილი: მაიმუნის წელიწადი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამოკვეთილი წელიწადი იქნება. ეს წელი ინტრიგებით იქნება სავსე. ამ წელს ადამიანი შედარებით ჭკვიანად თუ იქნება და ზედმეტს არ იხმაურებს, დიდი შანსი აქვს, რომ თავისი ინტელექტუალური აქტივობა დაუფასდეს.
ზოგადად მაიმუნს გამჭრიახობა, ყველაფრის სწორად შეფასების უნარი ახასიათებს და სხვისი დაცინვაც მშვენივრად გამოსდის. სიყვარულის კუთხით როგორი სიტუაცია შეიქმნება, გამოკვეთილი არ არის. როდესაც ადამიანები ერთმანეთის მიმართ ვალდებულებებს აიღებენ, ის აუცილებლად დაფასდება, რაც ბოლო წლებში ქვეყანას ნამდვილად აკლია.
ამ წელიწადს სხვისი მოტყუება ადვილია, მაგრამ ამავე დროს ვინც ატყუებს, მისი დასჯაც საკმაოდ მარტივია, ამიტომ ვინც მზად არის სხვის მოსატყუებლად, ცოტა ფრთხილად უნდა იყოს. რომელი ფერის წელიწადია, ამის განსაზღვრა ძალიან მარტივად ხდება - წელიწადის ბოლო ციფრი განსხვავებულ ფერს აღნიშნავს: 0 და 1 ერთი თეთრი ფერისაა, 2 და 3 - შავი, 4 და 5 - ლურჯი ან მწვანე. ახლა ლურჯი წელიწადი დაგვიმთავრდა. 2016 წელი წითელი მაიმუნის წელია. ასევე 2017 წელიც წითელი ფერის იქნება. 8 და 9 ყვითელი ფერის იქნება.
"რეზონანსი": როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს?
გ.რ: ახლა რომ იძახიან, პირველ იანვარს ასე და ისე უნდა შევხვდეთ და ჩინური ტრადიციის მიხედვითაა ასეთნაირად საჭიროო, ყველაფერი ტყუილია. ჩინური წელი 1 იანვართან არავითარ კავშირში არ არის. ჩინური წელიწადი ყოველთვის 20 იანვრიდან 20 თებერვლის შუალედში იწყება ახალმთვარეობის დროს. ამჯერად მაიმუნის წელიწადი 8 თებერვალს დაიწყება. თუკი რაიმენაირად ჩინური ტრადიციის მიხედვით გინდათ მოიქცეთ, ყველაფერი ეს 8 თებერვალს უნდა გააკეთოთ. თუმცა მკითხველს აქაც გული უნდა დავწყვიტო: ათასნაირი განმარტებები იმის შესახებ, რომ მაიმუნს ბანანი უყვარს და ამიტომაც მაგიდაზე უნდა დავდოთ, სისულელეა. ბანანი ვისაც უყვარს, მნიშვნელობა არ აქვს რისი წელია, დადოს მაგიდაზე. ჩინელებს ძალიან უყვართ ურჩხულის მოტანა და მისი დაწვა, შემდეგ კი ახალი მოაქვთ. ყოველ წელიწადს ამას აკეთებენ, ამიტომ მაინცდამაინც ჩინურად შეხვედრა თუ გვინდა, ანალოგიურად უნდა მოვიქცეთ
არსებობს მზის კალენდრები, სადაც წელი 1 იანვრიდან იწყება, მთვარის კალენდრები, რომელიც მუსულმანებს აქვთ შენარჩუნებული, ჩინური კი არის მზის, მთვარის, იუპიტერისა და სატურნის კალენდარი. როდესაც ახალმთვარეობა მერწყულის ზოდიაქოში ხდება, წლის დასაწყისად ის დღე ითვლება. ამიტომ უმჯობესია ახალი წელი ამ დროს აღინიშნოს, ეს უფრო ჭკვიანურია, ვიდრე მთელი მსოფლიო რასაც აღნიშნავს. 1 იანვარი არც ასტრონომიული და არც ასტროლოგიური მნიშვნელობით არაფერს არ წარმოადგენს. თავიდან ბოლომდე სრული უაზრობაა, ახალი წლის ამ დროს აღნიშვნას არანაირი მყარი საფუძველი არ უდევს, უბრალოდ ქვეყნებს შორის შეთანხმებაა.
რეალურად 1 იანვარი საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს. 3 იანვარს რომ აღნიშნავდნენ, მაშინ ვიტყოდით, რომ თავისი მიზეზი აქვს. ამ დროს დედამიწა მზესთან ყველაზე ახლოს მიდის. რატომ ვიხდით 1 იანვარს, როდესაც შეგვიძლია 3-ში აღვნიშნოთ, არ ვიცი.
პირადად მე ძველსა და ახალ წელზე მეტად ჩინურს ვცემ პატივს. იმიტომ, რომ მას ასტრონომიული მნიშვნელობა აქვს. ამ დღეების, 1 და 14 იანვრის, გაპიარება უაზრობაა. ყველაზე უფრო სისულელე ისაა, რომ არჩევენ რომელი უფრო უკეთესია 1 თუ 14.
"რ": როგორი იქნება მაიმუნის წელი აღმოსავლური კალენდრის ნიშნებისათვის?
გ.რ: 12-წლიანი კალენდრის კომბინაცია, ჯამში 5 ფერი და 12 წელიწადი, საშუალებას იძლევა, რომ ჩვენ 60 განსხვავებული წელიწადი გვქონდეს, რომელშიც ერთი ცხოველური სახელი და ფერი ერთდროულად არ განმეორდება. საერთოდ წითელი ფერის ერთი და იგივე ზოდიაქო 60 წელიწადში მხოლოდ ერთხელ გვხვდება. ამ ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ წითელი მაიმუნი განსხვავებულია სხვებისგან, ისევე როგორც წითელი ცხენის ან ვეფხვის წელი. არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. უბრალოდ ვინც ამას წერს ან არ იცის და ამიტომაც იძახის ან კიდევ იცის, მაგრამ ყურადღების მიქცევას ცდილობს. წითელი ცხენი ყველა სხვებისგან გამორჩეულია, მაგრამ უახლოესი 1966 წელს იყო და მერე იქნება 2026 წელს. ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ მეორე ცეცხლოვანი ცხენის ხალხსაც მოვესწროთ. ანალოგიური განსხვავება არსებობს წითელ და სხვა ფერის ვეფხვებს შორის. ვინც ამბობს, რომ წითელი მაიმუნი განსაკუთრებულია ის ყვითელ პრესას კითხულობს და იქიდან იწერს ამას.
"რ": 2016 წელს რომელი პერიოდი იქნება ყველაზე მეტად რთული?
გ.რ: 17 მარტიდან 30 ივლისამდე ის პერიოდია, როდესაც მოქმედებები იზღუდება. ამ დროს ძნელია ძალისხმევის მიზანმიმართულად წარმართვა ან შეიძლება საქმიანობა არასწორად იყოს გაგებული, ამავე დროს ზოგჯერ მოქმედებას არაადეკვატური შედეგი მოსდევს.
8 იანვრიდან დაწყებული 9 მაისამდე, ისეთი პერიოდია, როდესაც განცხადებები გაუგებარია-ხოლმე იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, ტექნიკაზე ფასი მატულობს, ამ პერიოდში პირდაპირი შედეგის განხორციელება ცოტა ჭირს. ამ პერიოდში ისეთი ნაბიჯები არ უნდა გადავდგათ, რომელზეც შესაძლოა ვინერვიულოთ.
25 მარტიდან 13 აგვისტომდე პერიოდი ისეთი დროა, როდესაც ვალდებულებების შესრულებას ვერ გავექცევით. წლის მეორე ნახევარში რაიმე ორიგინალური იდეის განხორციელება თუ გენდომებათ, შესაძლოა შეფერხებები მოხდეს, ამიტომ უმჯობესია ეს წლის პირველ ნახევარში გააკეთოთ.
14 ივნისიდან 20 ნოემბრამდე - ამ პერიოდში ძალიან ჭირს წყენის გამოხატვა. ამ პერიოდში სახიფათოა სასმელის ჭარბი რაოდენობით მოხმარება, უფრო მეტიც ნორმალური დოზის წამალი შესაძლოა მომწამვლელი აღმოჩნდეს.
18 აპრილიდან 26 სექტემბრამდე - ამ პერიოდში ადამიანი თავის თავზე უნდა მუშაობდეს, რომ უფრო დიდი და ძლიერი გახდეს. ამ დროს უმჯობესია ვალდებულებების დარღვევისგან თავი შეიკავოს, რადგან შესაძლოა უფრო მეტად დასაჯოს.
"რ": პოლიტიკურად როგორი წელი იქნება?
გ.რ: პოლიტიკაში საკმაოდ დიდი გარდაქმნები და ინტრიგებია მოსალოდნელი. ოღონდ თავი არ მოვიტყუოთ, რომ ამ დიდ ინტრიგებს ერთმანეთს გავუკეთებთ. ჩვენი პოლიტიკა პატარაა, ამიტომ მთავარია მოქნილობა. საქართველოსთვის უკეთესი იქნება მთავრობამაც და ოპოზიციამაც რომ გაითვალისწინოს, ყვირილი არაა საჭირო. რა თქმა უნდა, ჭკვიანური ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, მაგრამ ეს უხეშ აქტიურობას არ ნიშნავს. ჩვენ იმის ძალა არ გვაქვს, რომ დიდ პოლიტიკაში ვიბრძოლოთ.
"რ": ხშირად არის ხოლმე პროგნოზები სხვადასხვა საკითხეზე. რა მართლდება-ხოლმე და რა არა?
გ.რ: საინტერესო კითხვაა, იმიტომ რომ უამრავი ინტერპრეტაციები არსებობს სხვადასხვა წინასწარმეტყველების მიმართ. ზოგიერთი ირწმუნება, რომ 2016 წელს რაღაც საშინელება უნდა მოხდეს. იგივე ხალხი მიუთითებდა 2012 წელზეც და წინა წლებზეც, რომ რაღაც კატასტროფა უნდა მომხდარიყო. მაშინ ტელევიზიით გავაკეთე განცხადება, რომ არაფერი ღირსშესანიშნავი არ მოხდებოდა. მსგავსი განცხადებები ადრეც არაერთხელ მოგვისმენია. ამიტომ თავს ნუ მოვიტყუებთ - არაფერი ისეთი არ ხდება. მახსოვს ამაზე ლაპარაკი 80-იანი წლებიდან დაიწყო. ეს მითითებები იყო გარდამავალი პერიოდის შესახებ, როდესაც ხდება გადასვლა სრული ჰარმონიის ხანაში. ეს გარდამავალი პერიოდი ზოგიერთი მონაცემებით 2030 წელს უნდა დამთავრდეს. ვფიქრობ მაქსიმალური დაშორება 2040 წელი იქნება. არ ვიცი რამდენად სწორია, მაგრამ ამ პერიოდში ყველა ხილული პლანეტა ერთად იქნება თავმოყრილი დაახლოებით 15 გრადუსიან სექტორში ცის თაღზე. ჩათვალეთ, რომ ეს ახალი ეპოქის დასაწყისია.
წყარო: "რეზონანსი"
მასალის გამოყენების პირობები






