თელავში პოლიციის შენობაში სროლის შედეგად სამართალდამცველი გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი.
მომხდარზე გამოძიება 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული სანდრო მეტრეველის მამა გელა მეტრეველი ადასტურებს, რომ მის შვილს გარკვეული ფსიქიური პრობლემები ჰქონდა. ამის შესახებ მეტრეველმა „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა.
„რაღაც ფსიქიური აშლილობა ჰქონდა. გარკვეული პრობლემები იყო, მაგრამ ექიმთან დადიოდა რეაბილიტაციაზე. პოლიციელების მიმართ არანაირი აგრესია არ ჰქონია. გაოგნებულები ვართ ჩვენც. არ ვიცით რა მოხდა. რაც შეეხება იარაღს, ჩემს დიდ ბაბუას ეკუნოდა, რელიქვია იყო ჩვენი ოჯახის. შენახული გვქონდა, მაგრამ როგორც ჩანს იცოდა, სადაც იყო“, - განაცხადა გელა მეტრეველმა.
თელავის საპატრულო პოლიციის შენობას ცეცხლი სანდრო მეტრეველმა სავარაუდოდ საკუთარი სახლის ეზოდან გაუხსნა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გელა ლამაზოშვილი. დაჭრილი პატრულის თანამშრომელი მაია ჯავახიშვილი კი დღეს საღამოს თელავის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები