შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ლევან ქ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 დეკემბერს თბილისში ფარმაცევტული კომპანია „ჯი-პი-სი“-ს აფთიაქი დააყაჩაღა. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ლევან ქ-მ აფთიაქის ფარმაცევტს 700 ლარამდე თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ასევე დადგინდა, რომ ლევან ქ-მ 18 დეკემბერს, თბილისში, ვანის ქუჩაზე, სასურსათო მაღაზია დააყაჩაღა და მოლარე-ოპერატორს იარაღის მუქარით 100 ლარამდე თანხა გასტაცა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
მასალის გამოყენების პირობები