ახალი წელი ახლოვდება და ოზურგეთში აგრარულ ბაზარსა და სავაჭრო პუნქტებში, ის პროდუქტები კიდევ უფრო ძვირდება, რომელიც საახალწლო სუფრის მთავარ ატრიბუტად ითვლება.
როგორც მოვაჭრეები და მყიდველები ამბობე, ქათამზე, გოჭზე, ყველზე, კაკალზე, ხილზე და სხვა ისეთ პროდუქტზე, რომელზედაც ახლა დიდი მოთხოვნა უნდა იყო, მხოლოდ ფასები იზრდება და პროდუქტებით სავსე დახლებთან მყიდველის გამოჩენა მთავარ პრობლემად იქცა.
ოზურგეთის ძველ, აგრარულ ბაზარში თითქმის ყველა პროდუქტის გამყიდველი უკმაყოფილოა და მომხმარებლის ნაკლებობას უჩივიან, მყიდველები კი როგორც ყოველთვის, საახალწლოდ “ცეცხლმოკიდებულ“ ბაზარს.
მიუხედავად იმისა, რომ წინასაახალწლო ბაზრობა უკვე დაიწყო და ოზურგეთის სავაჭრო პუნქტები გადატვირთულია პროდუქტებით, მყიდველები უმეტესად, იმედგაცრუებულები რჩებიან. წუხან, რომ ფასები, წინა წლებთან შედარებით ყველაფერზე გაზრდილია. იგივეს უჩივიან გამყიდველებიც. როგორც ამბობენ, შარშანდელსა და შარშანწინდელთან შედარებით, ბევრად ცოტა პროდუქტი იყიდება.
„ახალ წელს ყველაფრის გარეშე ვხვდებით, საერთოდ არაფერი არ გაგვაჩნია. მიწყვია მწვანილი და ხამსა და ველოდები როდის გამოჩნდება მყიდველი, რომ ორი კაპიკი გამოჩნდეს. არც არაფერი გვაქვს და არც არაფერს ველოდებით. საახალწლოდ ფასებმა თითქმის ყველაფერზე მოიმატა. პომიდორი 2.50 რომ ღირდა, ახლა 4 ლარი გახდა, ნიგოზი 20-დან 30 ლარამდეა. ლობიოზე ფასმა 50 თეთრით მოიმატა. ყველაფერზეა ფასი გაზრდილი. დოლარიც კი ხედავთ როგორ თამაშობს, ასეთ ცხოვრებას გვირჩვნია რუსეთმა ატომური იარაღი გვესროლოს და ყველა ერთად ამოგვწვიტოს, ასეთ წვალებას ეს სჯობს“, - ამბობს მყიდველი.
„გურიის მოამბე“ იმ პროდუქტების ფასებით დაინტერესდა, რისი ყიდვის სურვილიც ახალი წლისთვის ყველაზე დიდია.
საქონლის ხორცი თერთმეტიდან თორმეტ ლარამდე მერყეობს, დაახლოებით იგივეს ფასობს ღორის ხორცი. ვისი ჯიბეც ამ ფასებს ვერ შესწვდება, ბაზარი მათ გაყინულ ხორცს სთავაზობს, რომლის ფასი შვიდიდან რვა ლარამდეა. გოჭის ფასი სამოცი ლარიდან იწყება. ფასმა ქათამზეც მოიმატა. როგორც გარემოვაჭრეები გვეუბნებიან, ორიოდე კვირის წინ ქათამი ათი ლარი ღირდა, დღეს 15 და 20 ლარი გახდა. ინდაური კი 50-დან 60 ლარი ღირს. რაც შეეხება ნიგოზს, ქართული ნიგოზის ფასი 25-დან 30 ლარამდეა.
საშობაოდ, გამყიდველები ფასების კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობენ. დღეის მდგომარეობით კი, ყველი რვა ლარი და ორმოცდაათი თეთრი, სულგუნი - ათი თერთმეტი ლარი ღირს, ხაჭო - ექვსი ლარი. თევზის მოყვარულებს საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ, ფასიც შესაბამისია: ერთი კილო კობრი - ათი ლარი, ხოლო კალმაკი 12 ლარი ღირს. გაცილებით დაბალია ფასი გაყინულ პროდუქტებზე.
ფასები გაზრდილია ბოსტნეულზეც. გასულ თვეში თუ ერთი კილო ხახვი 1.20 ღირდა ახლა მისი ღირებულება 1.50 შეადგენს.
ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, ამბობს რომ ბაზარში ღორის ხორცის საყიდლად მივიდა, თუმცა მაღალი ფასის გამო, ყიდვა ვერ შეძლო: „დახლებს შორის დავდივართ და გასაყიდად გამოლაგებულ საქონელს ვათვალიერებთ. სხვა რა დაგვრჩენია?! ღორის თავ-ფეხის ყიდვა მინდოდა „ხალადეცის“ გასაკეთებლად. ვერ მოვახერხე და ვბრუნდები უკან ხელცარიელი.
საახალწლო სუფრა ტკბილეულის გარეშე წარმოუდგენელია. იმ ყველაფერზე კი, რაზეც მოთხოვნა განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში იზრდება, ფასებიც შესაბამისია: იტალიური და რუსული შოკოლადის ფასი 25-26 ლარიდან იწყება. 10-15 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ უფრო დაბალი ხარისხის შოკოლადები. ხილის კანფეტების ფასი კი ხუთი ლარიდან იწყება და ხარისხის შესაბამისად ზემოთ იწევს.
თუ როგორ შეხვდება გურიაში მოსახლეობის 60%-ი პროცენტი ახალ წელს, ეს ზემოთ მოყვანილი ფასებიდანაც შეიძლება ვივარაუდოთ, მით უფრო, როცა სასურველი პროდუქტების შეძენა უმრავლესობამ 160-ლარიანი პენსიით, გარკვეულმა ნაწილმა კი, სოციალური შემწეობით უნდა მოახერხოს.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






