ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში 8 სულიანი ოჯახი წლებია, ადგილობრივი ხელისუფლებისაგან დახმარებას ამაოდ ითხოვს. თემური და მერი მახარაძეების ოჯახი ხულოს რაიონ სოფელ ძმაგულადან 1989 წელს სტიქიური მოვლენების დროს გადმოსახლდნენ.
სახლში, სადაც თემურ მახარაძე ოთხი მცირეწლოვანი შვილით ცხოვრობს, ორი პატარა ოთახისაგან შედგება. იატაკის მაგივრობას აქ ძველი ისიც ალაგ–ალაგ ჩატეხილი ფიცრები წევს. იატაკიდან ამოსული ნესტის სუნის ატანა კი ბავშვებს ყოველდღიურად უწევთ. აღარაფერს ვამბობთ სახურავზე, რომელიც ფაქტობრივად აღარაა და ამდენად წვიმის წყალი როგორც გარეთ, ისე ოთახებში ჩამოდის.
ოჯახის უფროსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს, თავისი შრომით სახლში "ორი კაპიკი" შეიტანოს, მაინც არაფერი გამოსდის.
„ოთხი შვილი მყავს. დედა ავადმყოფი. ახლა მამიდაც ჩემთან გადმოვიყვანე საცხოვრებლად მარტოხელაა და... კი ხედავთ რა მდგომარეობაშიც ვართ. ჩემი შრომით ვერაფერს გავხდი , მეუღლეც მეხმარება, მაგრამ ჩვენი ფინანსებით სახლის აშენებას ვერ შევძლებთ. "ფანერკები" გვაქვს აკრული მთლად. ისიც უკვე მოძველდა და ქარაშოტში გვიწევს ღამის გათენება. რამდენჯერ ღამე თეთრად გაგვითენებია, წყალი ჩამოგვდის და რა გზას დავადგე აღარ ვიცი. ჭერში კი ზოგან ფიცრებიც არაა , ფაქტობრივად ღის ცის ქვეშ ვართ“- ამბობს ოჯახის უფროსის და დასძენს, რომ მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური შემწეობაა, რითიც მხოლოდ ბავშვების რჩენას ახერხებს.
„რა ვქნა ბავშვებს ჭამა ხომ უნდათ? რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ ბავშვს ფეხსაცმელი არ ჰქონია, ვერ მიყიდია და სკოლაში ვერ გამიშვია. სახლის გაკეთებას შევძლებ ეხლა მე?“, - ამბობს თემურ მახარაძე.
ოჯახის დიასახლისი ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებასა და ყურადღების მიქცევას ითხოვს.
მერი აბულაძის თქმით, მათთან არაერთხელ მისულან ლანჩხუთის პირველი პირები. მათი ,,დახმარება“ კი მხოლოდ ფოტოების გადაღებითა და ,,საქმის შესწავლით“ დამთავრებულა.
,,დიდ ფულად დახმარებას ჩვენ არ ვითხოვთ , ერთადერთი ის გვინდა, რომ როგორმე სამშენებლო მასალებით დაგვეხმარონ. ეს იქნება შიფერი, ცემენტი თუ სხვა. ნუთუ ესეც არ შეიძლება,რომ ბავშვები არ დამიცივდნენ“, - ამბობს ქალბატონი.
ოჯახის უკიდურეს მდგომარეობაზე მეზობლებიც საუბრობენ და ამბობენ, რომ არა მათი დახმარება ოჯახი შიმშილით მოკვდებოდა.
„ნამდვილად მშრომელი და კარგი ხალხია. სოციალურიც აქვთ, თუმცა ეს ფულიც რამდენზე უნდა გაანაწილონ? ჩაცმა–დახურვაზე თუ საჭმელზე? თან ოჯახის დიასახლისიც ავადაა და წამლების ყიდვასაც ვერ აუდის. ჩვენ რითიც შეგვიძლია ვეხმარებით, თუმცა ეს რომ ზღვაში წვეთია თქვენც ხედავთ. იქნებ ვინმემ გამოიჩინოს კეთილი ნება და სამშენებლო მასალით დაეხმარონ. ჩვენც დავეხმარებით, თორემ ოთხი პატარა იზრდება ამ ოჯახში და მოვკვდით მაგათი საცოდაობით“ -ამბობენ მეზობლები.
სოფლის გამგებლის წარმომადგენელი რევაზ ფაცურია განმარტავს, რომ კარგადაა ინფორმირებული მახარძეების უკიდურესი გაჭირვების შესახებ და განმარტავს, რომ ახალი წლის შემდეგ ოჯახს შეძლებისგავარად დაეხმარებიან.
"დიახ, ვიცი ამ ოჯახის შესახებ და გეტყვით, რომ მართლაც მძიმე მდგომარეობაა. ჩვენ ვიყავით დეპუტატთან ერთად ადგილზე და ერთჯერადი დახმარების გაცემას ზრი არა აქვს. ამიტომ ნაახალწლევს ვფიქრობთ, რომ იქნებ სამშენებლო მასალებით დავეხმაროთ“- განაცხადა რევაზ ფაცურიამ.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






