ცოტა ხნის წინ სოფელ ძევერის მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ამის შესახებ გორიდან ,,ნიუპოსტის" კორესპონდენტი იტყობინება. ასამდე ადგილობრივი ექვსი ჰექტარი მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებს.
მათი განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ მიწები, რომელსაც ისინი საძოვრებად იყენებდნენ 2012 წელს გაასხვისა. მათ კი ამის შესახებ გუშინ შეიტყვეს, როდესაც მესაკუთრემ მიწის დამუშავება დაიწყო.
აქციის მონაწილეებმა გზა ცოცხალი ჯაჭვით სოფლის შესასვლელში ჩაკეტეს და არც მიმდებარე სოფლებში მიმავალ ავტომობილებს არ აძლევდნენ გადაადგილების უფლებას. ძევერელებმა გზა მას შემდეგ გახსნეს, რაც მათთან გუბერნატორის მოადგილეები და გამგეობის წარმომადგენლები მივიდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს საქმის შესწავლის პირობა მისცეს, ძევერელები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება მიწების დაბრუნებაში მათ დახმარებას არ გაუწევს ზუსტად ერთ კვირაში ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ და აქციებს პერმამენტულად გამართავენ.
მასალის გამოყენების პირობები






