საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი სიტყვით გამოვიდა ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრაზე, რომელიც 4 დეკემბერს, სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მოწვევით გაიმართა. კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა თავის გამოსვლაში რეგიონის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„საქართველოს მთავრობამ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ენერგოინფრასტრუქტურაში - როგორც არსებულის რეაბილიტაციაში, ასევე ახლის მშენებლობაში. ყოველივე ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, ასევე დამატებითი, კერძო ინვესტიციების მოზიდვისთვის ამ სფეროში. მხოლოდ დღეს, არსებული დადგმული სიმძლავრეებიდან უკვე ლიცენზირებულ სიმძლავრეებამდე რომ მივიდეთ, საქართველოში უნდა განხორციელდეს 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ, შემდგომი 10 წლის განმავლობაში უკვე არსებულ კონტრაქტებში ყოველწლიურად 700 მილიონი დოლარის ინვესტიცია გვექნება“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველო პარტნიორ ქვეყნებს და ინვესტორებს სთავაზობს ლიბერალურ და სტაბილურ ეკონომიკურ გარემოს, დაბალ გადასახადებსა და ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელ პირობებს. „მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგის მიხედვით საქართველო არის რეგიონში მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა და ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მე-4 ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივით, ხოლო მსგავსი შემოსავლის მქონე (lower middle income) ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად ახორციელებს რეფორმებს DCFTA-ით აღებული ვალდებულებების შესაბამისად. ამ ვალდებულებების ეფექტიანი იმპლემენტაცია დამატებითი სტიმულია ინვესტორებისათვის ჩვენს ბაზარზე საქმიანობის განვითარების თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს და ახალისებს ინვესტიციებს ენერგოსექტორში“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენერგეტიკული ქარტიის კონფერენცია ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო ენერგოპოლიტიკაში ცართულობის გაზრდას, სატრანზიტო ინფრასტრუქტურისა და განახლებადი ენერგიების მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვას.
მასალის გამოყენების პირობები






