პროექტის პრეზენტაცია 2 დეკემბერს სასტუმრო „რადისონში“ გაიმართა და მას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დაესწრო. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე, გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კატარინა დერკორნი, „GIZ“-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი მარია შეფერი.
პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრსა და აღსრულების ბიუროს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირის სამართალთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოების კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
ამას გარდა, პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება საჯარო რეესტრის შესაძლებლობები საკუთრების რეგისტრაციის, უფლების დაცვისა და მიწის მართვის საკითხებში. იგი ხელს შეუწყობს ქონების რეგისტრაციის ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და შესაბამისი სახელმძღვანელოს შექმნას, მიწის ადმინისტრირების განვითარების სტრატეგიის შემუშავებას, სასწავლო პროგრამების მოდულების შექმნას და შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას.
დღემდე იუსტიციის სამინისტრო ევროკავშირთან, ძირითადად, სისხლის სამართლის სფეროს რეფორმის კუთხით თანამშრომლობდა; ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ კი თანამშრომლობის სფერო სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის რეფორმებსაც მოიცავს.
მასალის გამოყენების პირობები






