„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” თბილისში უფასო სასადილოების თემით დაინტერესდა და ამ კუთხით არსებული მდგომარეობა შეისწავლა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წელს თბილისის 10 რაიონში 60-ზე მეტი უფასო სასადილო ყოველდღიურად 32,157 სოციალურად დაუცველ ადამიანს უწევს მომსახურებას.
„სასადილოს მომსახურებით სარგებლობა ბენეფიციარს დღეში ერთხელ შეუძლია. დღიურად თითოეული ბენეფიციარის გამოკვების ზედა ზღვარი 1.18 ლარია, თუმცა თბილისის არაერთი რაიონის გამგეობამ უფრო დაბალფასიანი მომწოდებლებიც გამოავლინა.
2016 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უფასო სასადილოების დაფინანსება 407.9 ათასი ლარით 13.89 მილიონიდან 14.29 მილიონამდე იზრდება, რაც დამატებით მხოლოდ 1402 ადამიანს მისცემს ამ მომსახურებით სარგებლობის საშუალებას, მაშინ როცა დაახლოებით 10,500 ადამიანი კვლავ განუსაზღვრელი დროით რჩება საკვების მოლოდინში. მომლოდინე ადამიანების რიცხვი კი ყოველ დღე იზრდება. ჩვენი გათვლებით, მომლოდინეთა სიებში არსებული პირების - ანუ თბილისის ყველა იმ მოქალაქის გამოსაკვებად, რომელიც უფასო სასადილოს მომსახურებით არის დაინტერესებული, წელიწადში დაახლოებით 4.5 მილიონი ლარის დამატებაა საჭირო, რაც თბილისის 810 მილიონიანი ბიუჯეტისთვის დიდ ტვირთს არ უნდა წარმოადგენდეს.
1. უფასო სასადილოების მომსახურება: წინ გადადგმული ნაბიჯები
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ თბილისში უფასო სასადილოების დაფინანსება 2016 წელს 2013 წელთან შედარებით 93.5%-ით იმატებს, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა. ამასთანავე, როგორც არაერთ ბენეფიციართან გასაუბრებამ გვაჩვენა, გაუმჯობესდა საკვების ხარისხი და სანიტარული პირობები. მიუხედავად ამისა, 2016 წელს, როგორც აღვნიშნეთ, დაახლოებით 10,500 ადამიანი 1 კვლავ განუსაზღვრელი დროით რჩება საკვების მოლოდინში.
თბილისის ათივე რაიონში უფასო სასადილოებით მომსახურების შესახებ ჩვენმა კვლევამ შემდეგი ხუთი პრობლემა გამოკვეთა:
1. საკვების გარეშე დარჩენილი უმწეო ადამიანები დამატებით და სარეზერვო სიებში:
არსებული მდგომარეობით, თბილისის ათ რაიონში მომლოდინეთა რიგებში დაახლოებით 12,000 ადამიანია, ვინც უფასო სასადილოების მომსახურების მიღებას ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ვერ ახერხებს. როდესაც ძირითად სიას აკლდება სოციალურად დაუცველი მოქალაქე გარდაცვალების, სოც. სტატუსის ცვლილების ან გაცდენების გამო (ათ გაცდენაზე მეტის შემთხვევაში), მის ადგილს სარეზერვო სიის ბენეფიციარი იკავებს. ამდენად, მომლოდინეთა სიებში მყოფი ადამიანები თავის რიგს ხშირად თვეობით ან წლობით ელოდებიან.
თბილისის რაიონების გამგეობებს მომლოდინე ადამიანები დამატებით და სარეზერვო სიებში ჰყავთ შეყვანილი. დამატებით სიაში მყოფ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მომსახურების მიღება იმ შემთხვევაში შეუძლიათ თუ საკვები ძირითადი სიის ბენეფიციარების დაკმაყოფილების შემდეგ დარჩება, თუმცა სარეზერვო სიის ბენეფიციარები ამგვარი უფლებით არ სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ დამატებით სიაში მყოფი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა მომსახურებას ვერ იღებს, ვინაიდან საკვები უფასო სასადილოებში ძირითადად არ რჩება. ამის გამო, დამატებითი სიის ბენეფიციარების აბსოლუტური უმრავლესობა უფასო სასადილოებს არ აკითხავს.
2. ბიუროკრატული დაბრკოლებები: უფასო სასადილოს მომსახურების მისაღებად დასარეგისტრირებლად საჭიროა მთელი რიგი საბუთები, კერძოდ:
სარეიტინგო ქულის შესახებ ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან;
6-18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დაბადების მოწმობის ასლი;
ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთის ასლი (ქორწინების ან ჯვრისწერის მოწმობა) თუ ბენეფიციარს ოჯახის წევრისთვის სურს საკვების წაღება.
3. ექვს წლამდე ასაკის ბავშვები: სპეციალისტების დასკვნების საფუძველზე მიზანშეუწონლად ჩაითვალა ექვს წლამდე ასაკის ბავშვებზე უფასო სასადილოების მომსახურების გავრცელება, რაც მძიმე ტვირთად აწვება აღნიშნული ასაკის ბავშვების სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
4. საბურთალოსა და ისნის რაიონები: ამ რაიონებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ძირითადი სიის ბენეფიციარების რაოდენობა, მაშინ როცა დადებული ხელშეკრულებები ვერ უზრუნველყოფს ბენეფიციარების არსებული კონტიგენტის მოცვას.
რეკომენდაციები
ჩამოთვლილი პროვლემების შესამსუბუქებლად, ჩვენი აზრით, შემდეგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას:
თბილისის მერიამ გაზარდოს თბილისის ათივე რაიონის გამგეობების უფასო სასადილოების ქვეპროგრამების დაფინანსება, რაც, გამგეობების სოციალური სამსახურების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაფუძნებული ჩვენი გათვლებით, წელიწადში 4.5 მილიონი ლარის დამატებას ითხოვს რათა 10,500 ადამიანი, ვინც 2015 წლის16 ნოემბრის მდგომარეობით სარეზერვო და დამატებით სიებშია, ძირითად სიებში იქნან გადაყვანილი;
მნიშვნელოვანია, თბილისის რაიონების სოციალურმა განყოფილებებმა მოიპოვონ სოციალური მომსახურების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ბაზებთან წვდომა, რათა სოციალური პრობლემებით დამძიმებულ ბენეფიციარებს ეს ბიუროკრატიული აუცილებლობა თავიდან აარიდონ. არაერთი ბენეფიციარი სწორედ ამ ბიუროკრატიული პროცედურების გამო ვერ ახერხებს მომსახურებისთვის რეგისტრაციას;
ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ მოქალაქისთვის უფასო სასადილოების მომსახურებით გასაწევად აუცილებელია გადამოწმება აკმაყოფილებს თუ იგი არა დადგენილ კრიტერიუმებს, თუმცა ამის გაკეთება თავად რაიონების სოციალურ განყოფილებებს საკმაოდ მარტივად შეუძლიათ;
თბილისის მერის ბრძანებით (თბილისის მერის 2014 წლის 26 ნოემბრის ბრძანება 1879) განსაზღვრული ხელშეკრულებით აუცილებელია მოხდეს უფასო სასადილოებით მომსახურების მიმწოდებლების ვალდებულებების და სანქციების უფრო მკაფიო დეტალიზება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს საკვების/მომსახურების ხარისხის გაუარესების რისკები;
უფასო სასადილოების ქვეპროგრამები მენიუს შესაბამისი ცვლილებების შემდეგ გავრცელდეს ექვს წლამდე ასაკის ბავშვებზე, რამაც შესაძლოა ხელახალი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება მოითხოვოს. როგორც აღვნიშნეთ, ექვს წლამდე ასაკის ბავშვების ქვეპროგრამიდან ამორთვა მძიმე ტვირთად აწვება ამ ასაკის ბავშვების სოციალურად დაუცველ ოჯახებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






