ერთ-ერთი მებრძოლის მამა, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში საქართველოს მოქალაქეთა გაზრდილ რიცხვს უშიშროების უმოქმედობასაც უკავშირებს.
„ერთი წელია რაც ეს ცვლილება შევნიშნე, 1983 წელსაა დაბადებული, დაოჯახებული იყო, მაგრამ მიმდინარე წლის დასაწყისში მეუღლემ დატოვა. ორი თვის წინ ბავშვი შეეძინა. სამი თვეა დაიწყო საუბარი, რომ „მუსლიმები უნდა გაერთიანდნენ“, „ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში“ და ასე შემდეგ. სულ გაუცხოვდა, ჩვენ ერთ სახლში არ ვცხოვრობთ. რაც დაოჯახდა მას შემდეგ ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. ბოლოს სექტემბრში ვნახე, დამემშვიდობა. სექტემბრის ბოლოს ტელეფონზე დამელაპარაკა და მითხრა, რომ მეტს ვეღარ მნახავდა“, - ამბობს ბადრი ირემაძის დედა.
მამუკა ანთაძის მამა, თამაზ ანთაძე კი ამბობს, რომ მისი შვილი სხვისი გავლენის ქვეშ მოექცა, სამსახურს თავი დაანება და თურქეთში წავიდა სამუშაოდ.
„ჩემმა დისშვილმა, მირიან ბერიძემ დამღუპა, მან მოაქცია ჩემი შვილი გავლენის ქვეშ. ისეთი სწავლება ჰქონდა, ოჯახის წევრებს მტრად გვიყურებდა, შენ არ ემსახურები ჭეშმარიტებასო მეუბნებოდა, სულ შენიშვნებს მაძლევდა. მაგათ ბათუმელი გობაძე ხელმძღვანელობს. ჩემი შვილი ბათუმში ონკოლოგიურში ვიდეოოპერატორად მუშაობდა. დაანება მუშაობას თავი, ბოლო წლები თურქეთში დამყავდა სამუშაოდ. წელს არ ჩაურტყეს საბაჟოზე ბეჭედი, უშიშროებასთან აქვს პრობლემებიო. მივედით უშიშროებაში, გავესაუბრეთ და იქ მითხრეს ცუდ ხალხთან მეგობრობსო, ავუხსენი სამუშაოდ მიმყავდა. გაგვიშვეს, თუმცა თურქეთში გამეპარა, სასწრაფოდ დავურეკე უშიშროებას, მიშველეთ დამეხმარეთ გაიქცა მეთქი. არავინ ყურადღება არ მომაქცია. მე დაზარალებული ვარ, ერთადერთი შვილი მყავდა, მისი ამბავი არც მიკითხავს და არც ვიკითხავ - ჩემთვის დაკარგულია. ჩვენ რომ პარასკევის ლოცვა გვაქვს, ესენი არ გვეკარებიან ცალკე ლოცულობენ. ახალშენში იკრიბებიან (დასახლება აჭარაში), ძალიან ბევრნი არიან. ფსიქოლოგები ჰყავთ, არ ვიცი საიდან, გეუბნებით ტვინს უტრიალებენ, ეუბნებიან თქვენ ახლა სახლში, რომ მიხვალთ პირველი გამოცდა მშობლებთან ურთიერთობაა, ისინი იქნებიან თქვენი პირველი მოწინააღმდეგეებიო, ეს გამოცდა უნდა ჩააბაროთო“, - ამბობს მამუკა ანტაძის მამა.
"ისლამური სახელმწიფოს" სახელით მუქარის შემცველი ვიდეო ინტერნეტსივრცეში გუშინ გავრცელდა.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






