ქალაქ ზუგდიდში ბანალური ნაგვის ურნების ნაცვლად მოქალაქეებს ჭიამაიად, „სპანჯბობად“ და სხვა სახალისო პერსონაჟად გადაქცეული კონტეინერები ხვდებათ,. ამ ყველაფრის შემოქმედი კი ზუგდიდელი როსტომ ზარანდიაა, რომელიც ზუგდიდელებს გარემოს უფერადებს და უხალისებს. როსტომ ზარანდია ფეისბუკზე გამოქვეყნებულ წერილში იმ მიზეზებს ხსნის, რის გამოც უსახური ურნების გალამაზება გადაწყვიტა:
„ერთი მოქალაქის მესიჯი
ვშრომობ იმისთვის, რომ ჩემს უბანში შევქმნა ამხანაგობა. ეს იქნება უპრეცედენტო მოვლენა, როცა ამხანაგობა აქვთ არა კორპუსის ბინათმესაკუთრეებს, არამედ ჩვეულებრივი ქუჩის მცხოვრებლებს... სწორედ ამ მიზნით ჩამოვაყალიბე საინიციატივო ჯგუფი „ამხანაგობა კომუნა“, აქტიურად ვიყენებთ ასევე, ფეისბუქ-გვერდს ამავე სახელწოდებით...
პოზიტიური ხმაური
ვწერე, ვწერე, ვწერე ეს განცხადებები ტოლსტოის ქუჩის კეთილმოწყობის მოთხოვნით, კოლექტიურიც, ინდივიდუალურიც... პირობა არაერთი მივიღე, - წერილობითი, ზეპირი...
წლების წინ უბნისთვის მოვითხოვე 8 ურნა და მივიღე ორი, რომ ეს ურნები მოსახლეობისთვის ”ახალი ხილი” აღმოჩნდა. ქედმაღლობად არ ჩამეთვლება, თუ ვიტყვი, რომ უმრავლესობა ვერ იყენებდა სათანადოდ, ასე ვთქვათ ”არაჰიგიენური მე“გამოავლინეს, კოლექტიურად.
თავიდან ურნებზე სტიკერებს ვაწებებდი წარწერებით, მაგრამ უშედეგოდ... მერე გადავწყვიტე, მცირე მარკეტინგული ხერხი მეხმარა და თვითმმართველობის ყურადღების მისაპყრობად ”პოზიტიური ხმაური” ამეტეხა. ამავე დროს, ვიფიქრე, ურნის რებრენდინგსაც მოსახლეობა ახლებურად მიიღებდა, მოუვლიდა, - გაამართლა ორივე ფრონტზე!
ისე დაემთხვა, რომ განათების მონტაჟი და სპანჯბობის გამოჩენა ფაქტიურად ერთდროულად მოხდა... ასევე, მივწერე წერილი ქალაქის მერს თხოვნით, რომ პირად კონტროლზე აეყვანა ტოლსტოის ქუჩაზე დაგეგმილი თუ დასაგეგმი სამუშაოები... ვფიქრობ, რომ გაითვალისწინა.
პარალელურად, აქტიურად ვთანაშრომლობთ უბნის მაჟორიტართან და შედეგიც სახეზეა,- ტოლსტოის ქუჩა განათდა და გზის საფარის ორმული შეკეთების დაპროექტებაზეც ტენდერი გამოცხადდა სპა.ჯი-ზე, რომელსაც დიდი ყურადღებით ვაკვირდები...
რატომ სპანჯბობი?
თვითონ ეს გმირია სისუფთავესთან პირდაპირ დაკავშირებული. გარდა ამისა, ურნის სპეციფიურ ფორმასაც იმეორებს.
სპანჯბობის პარალელურად მაქვს რამდენიმე სხვა ესკიზიც, რომელსაც წინასწარ ვამუშავებ.
ქალაქში უკვე სამი ხალისიანი ურნაა, ორი სპანჯბობი და ერთიც მინიონი J ასევე მაქვს „ურნა ჭიამაიას“ ესკიზიც, რომელსაც უახლოეს მომავალში განვახორციელებ. ახლა ადგილს ვარჩევ.
ფინანსური მხარე
საღებავებს თვითონ ვყიდულობ, აქტიური მოქალაქეებიც წამეშველნენ, მთხოვენ მათ უბნებშიც მოვხატო, საღებავების მათი მხრიდან შეძენის პირობით, სიამოვნებით ვთანხმდები....ერთი ურნისთვის საღებავი ერთმა საჯარო მოხელემ შეიძინა ;) ასევე იყო ფაქტი, მუშაობის პროცესში უცნობ მოქალაქესაც გამოუგზავნია მცირე თანხა, როცა გაიგო საკუთარი ინიციატივით ვაკეთებდი......გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ თავიდან მერიის შესაბამისი სამსახურიდან წამოსული ინიციატივა ჰგონიათ და ცალსახად ნეგატიურ მიდგომას აფიქსირებენ, მაგრამ როგორც კი იგებენ უბრალო მოქალაქის გადაწყვეტილებაა ურნის გაფერადება, რადიკალურად პოზიტიურ შეფასებებს იძლევიან
To be continued
ვიფიქრე, რადგან უბანში მცხოვრებლებმა დადებითად აღიქვეს გალამაზებული ურნა, უვლიან და ნარჩენებსაც აღარ ყრიან ირგვლივ (ამას, თავის მხრივ, ზუგდიდდასუფთავების ბეჯითი მუშაობაც უწყობს ხელს), რატომ არ უნდა გავიმეორო ”პოზიტიური კანონდარღვევა” და რატომ არ უნდა გავაკეთო იგივე მთელს ქალაქში?!
მზად ვარ სანქციებისთვისაც, თუმცა ვფიქრობ, რომ არაფერს ვაფუჭებ, - პირიქით, ყველამ დადებითად მიიღო... არაა ეს მოწოდება, რა უფლებით მოვუწოდო მე ჩემს თანამოქალაქეებს?! ესაა ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის მესიჯი, რომ გავუფრთხილდეთ იმ გარემოს, სადაც ვცხოვრობთ.
იმ ფონზე, როცა ადამიანები მანქანებიდან ცერა თითის ჩვენებით მიფიქსირებენ მოწონებას, გამვლელები იღიმებიან (წამით მაინც ივიწყებენ ყოველდღიური რუტინით გამოწვეულ ტკივილს) და ფოტოებს იღებენ ზუგდიდელ სპანჯბობებთან, ბავშვები ხალისით ეხვევიან ერთ დროს უსახურ ნაგვის ბუნკერს, რატომ უნდა გავჩერდე? ჩემი მიზანიც ხომ სწორედ ეგ იყო, - უარყოფითად დამუხტული გარემოს გაფერადება, გახალისება...
ვფიქრობ, ჩვენს პატარა ქალაქს ყველა ერთად უნდა ვაშენებდეთ და ვუფრთხილდებოდეთ. ეს ფერადი ურნები კი ხელს შეუწყობს, რომ ისედაც კოპწია ქალაქი სისუფთავის მაგალითი იყოს მთელს ქვეყანაში...
პ.ს. დავამატებ, რომ მოქალაქეობა არისტოტელემ მასწავლა...»- წერს როსტომ ზარანდია.





მასალის გამოყენების პირობები






