ნიუ-იორკში საშინელებათა ფილმების რიგით მე-14 საერთაშორისო ფესტივალი (New York City Horror Film Festival) გაიმართა, რომელშიც გამარჯვება ქართველი რეჟისორის ლევან ბახიას ფილმმა LANDMINE GOES CLICK (ნაღმი მოვიდა მოქმედებაში) მოიპოვა.
"ნაღმი მოვიდა მოქმედებაში" ქართულ-ამერიკული პროდუქტია, რომლის გადაღებები 2014 წელს საქართველოში მიმდინარეობდა. ფილმში როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მსახიობებიც მონაწილეობენ.
მთავარი ჯილდოს მოპოვების გარდა, ფილმში რთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს - სტერლინგ ნაითს საუკეთესო მსახიობის ჯილდო გადაეცა.
"ნაღმმა" მონაწილეობა ქალაქ ბლუმინგტონში, ინდიანას შტატში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალშიც მიიღო, სადაც ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი, კოტე თოლორდავა მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის დააჯილდოვეს.
"ნაღმი" ამერიკიდან საქართველოში ჩამოსულ 3 ტურისტის ისტორიას მოგვითხრობს. ისინი ერთ-ერთი ადგილის მოსანახულებლად წავლენ, სადაც ადრე რუსეთის ჯარი იყო განლაგებული. სწორედ, ამ მიდამოებში დადგამს მოულოდნელად ერთ–ერთი ტურისტი ძველებურ ნაღმზე ფეხს. თუკი იგი ფეხს აიღებს ნაღმი მომენტალურად ამოქმედდება და აფეთქდება. იგი იძულებულია გაუნძრევლად იდგეს. ტურისტები მაშველების მოლოდინში არიან, როდესაც მოულოდნელად ადგილობრივი ქართველი გამოჩნდება და საშინელებებიც დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები