ყველაფერი კი დიდი ხნის წინათ დაიწყო, როცა ქვეყნისა და ბიზნესის განვითარებაზე ფიქრი, უბრალოდ, შეუძლებელი ჩანდა. ზუსტად 25 წლის წინ, იქ, სადაც დღეს ,,ლილო მოლია“, ტრიალი მინდორი და ოთხი პედაგოგის შიშველი ენთუზიაზმი იყო. მათ უნდოდათ, დახმარებოდნენ სკოლებს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში და, პარალელურად, ხალხისთვის მიეცათ საშუალება, თავი თვითდასაქმებით გადაერჩინა.
მას შემდეგ ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა და დღეს შეიძლება იმის თქმა, რომ იდეამ და მიზანმა გაამართლა _ ,,ლილო მოლი“ სავაჭრო ცენტრთა ლიდერია და, უამრავი სირთულის მიუხედავად, არ თმობს წამყვან პოზიციებს.


,,სწორედ განვლილმა რთულმა პერიოდმა განაპირობა ოჯახური ურთიერთობების ჩამოყალიბება. მმართველმა გუნდმაც და ჩვენმა მოიჯარეებმაც ყველაფერი ერთად გავიარეთ და ჩვენი საქმიანობა ამ ხალხის კეთილდღეობაზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი ინტერესებიც აბსოლუტურად თანხვდება. ერთი ოჯახი ვართ“, _ ამბობს ,,ლილომოლის“ პრეზიდენტი ლევან გაგუა და ხაზს უსვამს თავიანთი ორგანიზაციის სპეციფიკას: ,,შინაარსი და ისტორია ბევრად განსხვავებულია, ამ საქმეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ესაა პულსი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ზუსტად ვიცოდეთ, რა ხდება საზოგადოებაში. შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ აქ ათასობით მოქალაქე იკრიბება, ცვლის ინფორმაციას, ფაქტობრივად, ესაა პატარა ქალაქი ქალაქში...“ _ შეუძლებელიცაა, ლევანს არ დაეთანხმო. ,,ლილო მოლში” ხომ დღეს 4000-მდე მეწარმეა დასაქმებული, და რომ არა ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის აზრის გათვალისწინების უნარი და სწორი მენეჯმენტი, წარმატება წარმოუდგენელი იქნებოდა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბიზნესში 100-იანი წარმატება არ არსებობს და ადგილობრივ ბიზნესმენებს არაერთი ბარიერის გადალახვა უწევთ, რომელთაგან ერთ-ერთი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა: `ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან ერთად იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასი იმატებს, რაც მყიდველს აფერხებს, რადგან ინფლაცია მასაც შეეხო. შესაბამისად, მცირდება რეალიზაცია და ეს მეტად არასახარბიელოა“, _ დასძენს ლევან გაგუა და არსებული ვითარებიდან გამოსავალზე საუბრობს: ,,ვფიქრობ, ქვეყანაში ორი ვალუტა არ უნდა ტრიალებდეს, და ამის მაგალითია დანარჩენი მსოფლიო. კრედიტი უცხოური ვალუტით არ უნდა გაიცემოდეს და, შედეგად, ბიზნესი პირდაპირი ნერვით აღარ დაუკავშირდება მსოფლიო ეკონომიკურ რყევებს. ახლა კი მთავარი დარტყმა ბიზნესსექტორმა მიიღო _ გარკვეული პროექტები განვახორციელეთ და ვალი დოლარით უნდა გადავიხადოთ... გახსოვთ, წლების წინ ბიზნესი როგორი წნეხის ქვეშ იყო? ახლა ვითარება შეცვლილია და ჩვენც დავიწყეთ ინვესტიციების ჩადება, რასაც წინა ხელისუფლების პირობებში ვერ ვაკეთებდით. საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი რამ უტრიალებდა თავში _ რაც მეტი ქონება მაქვს, მით მეტად შემაფასებენ პროკურატურაშიო. ამიტომ ბიზნესის გაფართოების სურვილი არავის ჰქონდა... ახლა ეს ფაქტორი აღარ არსებობს, თუმცა ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ სხვა პრობლემები წარმოშვა“.


თუმცა, ამის მიუხედავად, ფაქტია, ,,ლილო მოლი” ყოველთვის მომხმარებლის ინტერესზე იყო ორიენტირებული და ახლაც ასეა, რისი ნათელი მაგალითიც იქ არსებული დაბალი ფასებია. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს და, მათ შორის, ისიც, რომ არასოდეს აშინებთ ჯანსაღი კონკურენცია: ,,ლილო მოლი“ ყოველთვის გამოირჩეოდა დაბალი ფასებით... მთავარია, არსებობდეს თავისუფალი ეკონომიკური დამოკიდებულება: სადაც სერვისი უკეთესია, უსაფრთხოება დაცულია და მეტი სავაჭრო არჩევანია, მყიდველი იქ იყრის თავს. სწორედ ესაა ჩვენი უპირატესობაც... რაც შეეხება კონკურენციას, დეველოპერული თვალსაზრისით, ვაქირავებთ სავაჭრო ობიექტებს, თავად არ ვმონაწილეობთ სავაჭრო ოპერაციებში და არ ვქმნით კონკურენციას ჩვენი მომხმარებლისთვის. ხელს ვუწყობთ ჩვენს მეიჯარეებს და, ვფიქრობ, ისინი ძალიან ჭკვიანები და ძლიერები არიან, რაც განაპირობებს ,,ლილომოლის” პრიორიტეტულ პოზიციებს... მართალია, მეიჯარეთა კონკურენცია არსებობს, თუმცა, უნდა ვეცადოთ, მათ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. სწორედ ამ საზოგადოებაზე უნდა იზრუნოს ბიზნესმაც და სახელმწიფომაც, რადგან ბიუჯეტში თანხა მათ შეაქვთ, გადამხდელებს კი ხელშეწყობა სჭირდება. სხვა მხრივ, კონკურენცია არ გვაშინებს“, - აცხადებს ,,ლილო მოლის” პრეზიდენტი და ბიზნესის დაუწერელ კანონებზე საუბრობს, რომელთაგან გადახვევასაც სიკეთე არავისთვის მოუტანია: ,,ბიზნესის ნორმების უგულებელყოფა, უეცარი წარმატების კვალდაკვალ, ფიასკოთი მთავრდება ხოლმე. მაგალითისთვის დემპინგიც კმარა... მსგავსი მანიპულაციები მაშინ ხდება, როცა მართვაში დილეტანტები ერევიან. ჯანსაღი კონკურენცია უდავოდ არსებობს და წლების წინათ გამეფებული კორუფციის დაძლევამ ბევრი დადებითი პროცესი გამოიწვია, პირველ რიგში კი, გამოირიცხა არაჯანსაღი მომენტები: ,,ხოდი მაქვს მებაჟესა და საგადასახადოსთან!“ _ ეს რომ მოიშალა, ბევრი საკითხი დარეგულირდა“.






მასალის გამოყენების პირობები






