ქალაქ ოზურგეთში ქავთარაძის ქუჩა #4-ში მცხოვრები ლია სირაძის ოჯახი სოციალური დახმარების გარეშეა დარჩენილი. როგორც სოციალურად დაუცველმა ქალბატონმა, „გურიის მოამბეს“ განუცხადა, საარსებო შემწეობა რამდენიმე თვის წინ შეუწყდათ.
„ჩოხატაურის ქუჩაზე ვცხოვრობდი, თუმცა სახლი ავარიული იყო და საცხოვრებლად ქავთარაძის ქუჩაზე ახლობლის სახლში გადმოვედი. ჩვენი ერთდადერთთი შემოსავალი სოციალური დახმარება იყო, რომლითაც თავი გაგვქონდა. დახმარება სამი თვის დანიშნული მქონდა და ყველა თვეში მიმდინარეობდა გადამოწმება, ჩემთვის გაუგებარია რა გახდა დახმარების შეწყვეტის მიზეზი. როგორც ვცხოვრობდი, იმაზე უარესად ვარ და მოვითხოვ ამიხსნან, რის საფუძველზე შემიწყდა ფულადი დახმარება. ისე გვიჭირს ლოგინი ჯართში ჩავაბარე, რომ შვილებისათვის პური მეყიდა, გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. ოქტომბერში ქალაქის მერიამ ერთჯერადი დახმარების სახით 150 ლარი მომცა, რომლითაც მაღაზიაში პურის ვალი გადავიხადე, ახლა მაღაზიაშიც ვეღარ ვიღებ ვერაფერს, იმდენი ვალი დამიგროვდა. რა გავაკეთო, სკოლაშიც ვერ ვუშვებდი ბავშვს თვეების განმავლობაში, ფეხსაცმელი რომ არ ჰქონდა. ვინმემ ხომ უნდა მოგვხედოს? სამსახური არ არის და არაფერი. პენსიონერი მე არ ვარ, რითი ვიარსებო?“ - აცხადებს ლია სირაძე.
როგორც, „გურიის მოამბეს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძვანელმა, ვასილ ხომერიკმა განუცხადა, დახმარების შეწყვეტის მიზეზი საცხოვრებელი სახლის მისამართის გამოცვლა გახდა. ხომერიკის თქმით, სააგენტოს წარმომადგენლებმა, ქალბატონს განცხადების ხელახლა დაწერა შესთავაზეს, თუმცა ეს ქალბატონმა არ ისურვა.
„როდესაც სოციალური აგენტი მივიდა გადამოწმებაზე, ეს ოჯახი იმ მისამართზე არ დახვდა. ჩოხატაურის ქუჩიდან საცხოვრებლად გადასული იყო ქავთარაძის ქუჩაზე, რაც გახდა დახმარების შეწყვეტის მიზეზი. მოსული იყო ეს ქალბატონი ჩვენთან მიიღო რეკომენდაცია და შევთავაზეთ განცხადებით თავიდან დაწერა, მან განცხადების დაწრაზე უარი განაცხადა“, - განაცხადა ხომერიკა.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






