ჯაბა ქარსელაძე: მე მიმაჩნია რომ რაც 13 ნოემბერს მოხდა პარიზში ეს არის მსოფლიო ტრაგედია და ეს არ მარტო ფრანგ ხალხს, არამედ ყველას გვეხება, რადგან ის რაც მოხდა აქ, შესაძლებელია ხვალ ნებისმიერ ქყვეყანაში მოხდეს და მითუმეტეს ისეთ ყვეყნებში სადაც დემოკრატიასა და ღირებულებებს წინ აყენებენ! მე მიმაჩნია რომ ფრანგი ხალხი სწორედ რომ ამ ღირებულებსა და პრინციპულობას შეეწირა. თუმცა დღეს როდესაც შევხვდი ჩემს კოლეგებს და მეგობრებს ყველას ისეთი შემართება აქვს და იმდენად დიდსულოვნად დგანან, რომ მე ნამდვილად ვერ ვიგრძენი პანიკა ქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული ადგილები ძირითადად ცარიელია. მე ძალიან მომწონს და პატივს ვცემ ამ დიდ შემართებასა და ერთსულოვნებას და ფრანგი ხალხი კიდევ ერთხელ დაანახებს მთელ მსოფლიოს, რომ ის ძლიერია და მას ტერორიზმის არ ეშინია. დღეს ძალიან ბევრი ადამიანისგან მოვისმინე სიტყვები, თუ ბრძოლაა ბოლომდე ბრძოლა ყოსო, ჩვენ არავის არ დავნებდებით და ჩვენს თავისუფლებას არავის გავათელინებთო. მე დღეს ამაყი ვარ, რომ ვარ ამ ქალაქის წევრი სადაც ასეთი სულგრძელი და მაღალ მოწოდებაზე დგას ერი! პარიზი იყოს არის და იქნება ევროპის დედაქალაქი მიუხედავად ამდენი განსაცდელისა!
ნიკა ნიკვაშვილი: საშინელი ტრაგედია დატრიალდა 13 ნოემბრის ღამეს. ეს არის მთელი მსოფლიოსთვის ტრაგედია. საშინელებაა, როდესაც ხვდები რომ ადამიანი საოცრად დაუცველი ხარ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ცივილიზებულ ან არაცივილიზებულ ქვეყანაში გიწევს ცხოვრება. რთულია როცა სულ იმის განცდა გაქვს, რომ ეს საშინელება ნებისმიერი შენი ახლობელი ადამიანის, ან შენს თავს შეიძლება დატრიალდეს. როცა ეს საშინელება მოხდა ჩემს მეგობრებთან ერთად სახლში ვიყავით. მთელი ღამე საშინელ სტრესში გავათენეთ. ამდენი დაღუპული და დაშავებული სრულიად უდანაშაულო და მშვიდობიანი მოქალაქეები... საშინელებაა. ყველაზე საშინელება კი ის არის, რომ არავინ იცის ხვალინდელი დღე რას მოგვიტანს. მხოლოდ იმედი მინდა მქონდეს იმის, რომ ეს აღარ განმეორდება.
ელგა ფორჩხიძე: 13 ნოემბრის ღამე იყო ერთ-ერთ საშინელი ღამე საფრანგეთის და კერძოდ პარიზის ისტორიაში. ეს არის ყოვლად დაუშვებელი სისასტიკე მშვიდოიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული. სრულიად ცივილიზებული სამყარო უნდა გამოფხიზლდეს და წინ აღუდგეს ამ სისასტიკეს. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, მშვიდად იჯდე კონცერტზე, ან ყავას მიირთმევდე ტერასაზე, ან საფეხბურთო მატჩს ადევნებდე თვალს სტადიონზე და ამ დროს ვიღაც ავადმყოფმა, შეშლილმა ფანატიკოსმა, ტერორისტმა შეიწიროს შენი სიცოცხლე. ყველა შოკში ვართ. 128 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამ ღამემ, უამრავი ადამიანია დაშავებული, რომლებიც საავადმყოფოებში გადიან მკურნალობას. ყველაზე აღმაშფოთებელი კი ის არის, რომ ტერორისტული აქტის დროს, სტადიონზე მიმდინარეობდა ამხანაგური მატჩი საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნული ნაკრების გუნდებს შორის, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. მათ ამით ფაქტიურად ღია ომი გამოუცხადეს ხელისუფლებას! დღეს პარიზი ისეთი აღარ იყო როგორც ყოველთვის. ძალიან მძიმეა ახლოდან ამ ყველაფრის აღქმა. ქვეყანაში სადაც პირველ ადგილზე დგას სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, სადაც დაცულია ადამიანთა თანასწორობა და უფლებები, ერთ ღამეში ყველაფერი ყირაზე დადგა. ხალხს გაუჩნდა იმის გრძნობა, რომ ისინი არაფრისგან არ არიან დაცული. აი სწორედ ამის მიღწევა უნდათ ტერორისტებს. ეს არის ღია ომი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. ისინი 21-ე საუკუნის „შავი ჭირი“ არიან, რომლის აღკვეთა ძალიან ძნელი იქნება, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია. მე მინდა გამოვხატო ჩემი გულისტკივილი და თანავურძნო ყველა იმ დაღუპული ადამიანის ოჯახს და ახლობლებს. მეც დღეს მათთან ერთად ვარ ფრანგი და მათთან ერთად ვგლოვობ.
მარიკა ხიდურელი
მასალის გამოყენების პირობები






