შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ტ. მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ოზურგეთში ცხელ კვალზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთში, ახლობლებთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკებისას, 1997 წელს დაბადებულ გიორგი თ-ს ცივი იარაღით ერთი ჭრილობა გულ-მკერდის არეში მიაყენა. დაჭრილს მედიკოსებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა. გიორგი თ. მკურნალობას ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადის. გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით)-გვითხრეს პრესსამსახურში.
დაჭრილის დედა, ინგა გიორგაძე "გურიის მოამბესთან" მომხდარის დეტალებს იხსენებს:
"დაპატიჟებული ვიყავით დაბადების დღეზე, თბილისელი ბიჭი იყო სტუმრად და ატეხეს ჩხუბი ბიჭებმა, ჩემ ქმარს უქნევდა დანას ის ბიჭი, გაშველების დროს ჩადგა ჩემი შვილი და მას მოხვდა დანა, გულის კუნთი აქვს გაჭრილი. სანახავად როცა მივედი, კონტაქტზე გამოვიდა, თუმცა მდგომარეობა მძიმეა“, _ აცხადებს გიორგაძე.
"ღამის პირველის ნახევარზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადმოყვანილი იქნა 19 წლის ახალგაზრდა, დიაგნოზით გულ-მკერდის ნაკვეთი შემავალი ჭრილობა გულის დაზიანებით, ჩაუტარდა სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია გაიკერა გული, ამჟამად პაციენტი იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში, მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, _აცხადებს შპს „მედალფას“ ოზურგეთის სამდიცინო ცენტრის დირექტორი დავით მდინარაძე.