„ყოველ საათში იცვლება მონაცემები, ამ ეტაპისათვის გვაქვს შემდეგი ინფორმაცია:
ძლიერი ქარის შედეგად ქობულეთში რამდენიმე ადგილას წაიქცა ხე, რის გამოც გარკვეული პერიოდის განმავლობაში პარალიზებული იყო გადაადგილება ცენტრალურ მაგისტრალზე. მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი, მათ შორის ერთი მრავალბინიანი სახლია და ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის სახურავი, სადაც თვითნებურად შესახლებული 5 ოჯახი ცხოვრობს. დაბა ჩაქვში, ჩაის ფაბრიკის მიმდებარედ დაინგრა საცხოვრებელი სახლი, რის შედეგადაც საჭირო გახდა ოჯახის წევრებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა. ამ დროისათვის ისინი უსაფრთხო გარემოში არიან გადაყვანილი.
ხელვაჩაურში, სოფელ კირნათში, ქედქედსა და კაპრეშუმში ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხეების დაცემის გამო დაზიანებულია რამდენიმე ოჯახის სახლის სახურავი. განსაკუთრებით კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ორი ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ფიქსირდება ქედაში. სოფელ მახუნცეთში მდინარის კალაპოტის შეცვლის შედეგად საჭირო გახდა რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. სოფლებში: ცხმორისში, დანდალოში, ოქტომბერში,პირველ მაისში, ზვარეში და წონიარისში მოსახლეობას მიადგა სხვადასხვა სახის ზიანი. რამდენიმე ადგილას განვითარდა მეწყერული მოვლენები, რის გამოც გვიან ღამით ჩახერგილი იყო გზა. ამ დროისათვის საგზაო ტექნიკა მუშაობს შიდა გზების გაწმენდაზე.
შუახევში 10-მდე სოფელში ძლიერმა ქარმა დააზიანა მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების სახურავები. ჭარბმა ატმოსფერულმა ნალექებმა, წყალდიდობამ ხელი შეუწყო მეწყერული პროცესების განვითარებას. მეწყერის შედეგად ჩაიკეტა საავტომობილო გზები სოფელ ტაკიძეებში, ხაბელაშვილებში, ვანში, დღვანში, უჩამბაში. წუხელ ღამით აღდგენილი იქნა მოძრაობა სოფელ ტაკიძეების გზაზე. საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა მობილიზებულია გზების დაზიანებული მონაკვეთების აღსადგენად, მიმდინარეობს სამუშაოები. წუხელ ღამით რამდენიმე ოჯახი გახიზნული იქნა უსაფრთხო ადგილებში.
მასალის გამოყენების პირობები






