სოფო ხუციშვილი: შევეცადე ჩემი გამოსვლით საზოგადოება ცოტა გაოცებული და ნასიამოვნები დამეტოვებინა. მგონი გამომივიდა კიდეც ჩანაფიქრი.
- ხატვა როდის დაიწყე?
- მას შემდეგ რაც მხედველობა დავკარგე ვხატავ, მაგრამ საღებავებით მუშაობა ორი წლის წინ დავიწყე.
- მხედველობა 3 წლინახევრის ასაკში გრიპის შედეგად დაკარგე, რაც ძალიან რთული გადასატანი იქნებოდა როგორც შენთვის ასევე მთელი ოჯახისთვის...
- ბავშვისთვის ზოგადად როცა რაღაცას კარგავს ბევრად უფრო მარტივია, რადგან ვერ აცნობიერებს რა დაიკარგა ცხოვრებაში. ჩემი ოჯახი მაქსიმალურად დამიდგა გვერდში, რამაც ძალიან გამიადვილა ყველაფერთან შეგუება. ჩემი ოჯახისგან ერთი წამითაც არ მიგრძვნია რომ ჩემი პრობლემის გამო განათლებას ვერ მივიღებდი. პირიქით ძალიან აქტიურად ჩაერთნენ ჩემს აქტივობებში. სკოლაში შემიყვანეს, მუსიკალური შვიდწლედიც დამთავრებული მაქვს. ვცხოვრობდი ისე, როგორც უნდა ეცხოვრა ჩვეულებრივ მომხარდს.
- ნიჭიერში მონაწილეობის მიღება რამ გადაგაწყვეტინა?
- ნიჭიერში მონაწილეობის მიღება არასდროს მიფიქრია, ეს ერთი წლის წინ რომ გეთქვათ ჩემთვის, ძალიან გამეცინებოდა. ასეთი შოუები არ მხიბლავს, რადგან ჩვენი საზოგადოება ძალიან მიუჩვეველია და ზოგადად შშმ პირების მიმართ არასწორი დამოკიდებულება აქვთ. შეიძლება მათი რეაქციის ან შემშინებოდა ან უბრალოდ არ მესურვა მათი განწყობის ნახვა. რაც შეეხება იმას თუ რატომ გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება. ერთმა ადამიანმა მთხოვა, რომელსაც ჩემთვის გამოფენის მოწყობა უნდოდა და ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. ნიჭიერში მონაწილეობის მიღებაზე უარზე ვიყავი და რამდენიმე დღე დასჭირდა ჩემს დაყოლიებას. ბოლოს კი ორი მიზეზის გამო დავთანხმდი და მოვედი პროექტში. მინდა შევცვალო ხალხის არასწორი და არაჯანსაღი აზროვნება და მივახვედრო ის რომ რადგან ვერ ხედავ, ამით ცხოვრებას ამთავრებ. პირიქით შეიძლება ძალიან ბევრი რამ გააკეთო, რასაც სხვა ვერ გააკეთებს. როცა შშმ პირები პრობლემების გამო, იკეტებიან თავის თავში, დეპრესიულები ხდებიან და სახლიდან არ გამოდიან. პროექტში ჩემი გამოსვლით მინდოდა მათთვის მეთქვა, რომ კარი გააღონ, გამოვიდნენ გარეთ, ხალხს ამაყად, თავაწეულმა შეხედონ. იგრძნონ, რომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან და საზოგადოებისთვის ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეუძლიათ. ჩემი გამოსვლით ერთ ადამიანს მაინც თუ გაუჩნდება ეს სურვილი, ჩავთვლი რომ ჩემი მიზანიც და გამარჯვებაც ეს იქნება.
- დარწმუნებული ვარ მას შემდეგ რაც ხალხმა გაგიცნო, ბევრი ადამიანის სტიმული იქნები. მითხარი რაზე ოცნებობ?
- ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ, ბარსელონა მიყვარს ძალიან. მინდა კამპ ნოუზე მოვხვდე და ჩემი საყვარელი ფეხბურთელების თამაში ჩემი თვალით ვიხილო. თბილისში რომ იყო ჩამოსული „ბარსელონა“ მათ თამაშზე სტადიონზე ვიყავი. მე აქტიური ცხოვრებით ვარ დაკავებული, არ მაინტერესებს რომ ვერ ვხედავ და ხალხი რამეს იტყოდა. მამაჩემს ვაყიდინე ბილეთები და წავედი სტადიონზე.
- სოფო, მხედველობის პრობლემაზე მინდა გკითხო. ოპერაციას თუ ექვემდებარება მხედველობის აღდგენა?
- ორი ოპერაცია გავიკეთე სტამბოლში. პირველი ოპერაცია ძალიან სარისკო იყო, რომელიც თუ კარგად არ ჩატარდებოდა, შემდეგი ოპერაციების გაკეთებას აზრი არ ექნებოდა. საბედნიეროდ ოპერაცია კარგად დასრულდა და მას შემდეგ მეორე ოპერაციაც გამიკეთეს. ექიმი ძალიან კმაყოფილია და მეუბნება, რომ სამი, ოთხი ოპერაციის შემდეგ მხედველობა აღმიდგება და შევძლებ დანახვას, ის რაც ამდენი ხანია ძალიან მინდა.
მარიკა ხიდურელი
მასალის გამოყენების პირობები






