სალომე ჭაჭუას ბოლო პერიოდი განსაკუთრებულად დატვირთული აქვს, რადგან სხვადასხვა მნიშვნელოვან ტურნირში მონაწილეობს მეწყვილესთან, მაქსიმ რიჟიკოვთან ერთად. ნიჭიერმა წყვილმა არაერთ წარმატებას მიაღწია და, რაც მთავარია, სალომე თავის ოცნებას ნელ-ნელა უახლოვდება.
სალომე ჭაჭუა: სექტემბრიდან ჩემმა სტუდიამ ადგილმდებარეობა შეიცვალა, რადგან ძალიან ბევრი ბავშვი მყავს და მინდოდა, გავფართოებულიყავი. უფრო დიდი დარბაზია და თან, შემიძლია, ჩემი შიდა, პატარა ტურნირებიც ჩავატარო. მეორე დარბაზიც მაქვს და ჩემს მოსწავლეებსაც, ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ. შიდა ტურნირებში ერთმანეთს შეეჯიბრებიან ხოლმე, სამომავლოდ რეიტინგულებსაც ჩავატარებ. ახლა არ შემიძლია, რადგან მოქმედი მოცეკვავე ვარ, აქ ვასწავლი, დროის ფაქტორი ხელს მიშლის. თუ ჩავატარებ, კარგი უნდა გავაკეთო, ამიტომ ჯერჯერობით თავს ვიკავებ. სამომავლოდ, ბევრი გეგმა მაქვს. მე რომ აღარ ვიცეკვებ, მერე გავაკეთებ მაგარ რამეს.
– გიფიქრია იმაზე, რომ დადგება დრო, როცა აღარ იცეკვებ?
– როგორ არ მიფიქრია. ცოტა რომ გავიზრდები, მერე... ერთი პერიოდი, წელის პრობლემების გამო, ექიმებმა ისიც მითხრეს: არ იცეკვოო. ჯერჯერობით ვცეკვავ, თან ახლა ისეთი შედეგები გვაქვს, იმ დონემდე ვართ, რომ უკან დახევა არ შეიძლება. აი, ჩემს მიზანს რომ მივაღწევ, მერე ვნახოთ – მინდა, მსოფლიო 50-ეულში შევიდე. ჯერჯერობით 102-ე ადგილზე ვართ.
– მოგვარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები?
– პატარა ტკივილები მაქვს, ისეთი არა, რომ ვერ გავუძლო. თან, ვუვლი. როდესაც ბავშვებს ვამეცადინებ, არ მაცვია ცეკვის ფეხსაცმელი, კაუჩუკისძირიანი ბოტასები მაცვია. ხტომა მაინც აკრძალული მაქვს.
– როგორც ვიცი, შენ და მაქსიმი საკმაოდ კარგ შედეგებს აღწევთ.
– მე და მაქსიმმა კარგად დავიწყეთ შარშანდლიდან. მაისში საქართველოს ჩემპიონატი მოვიგეთ. საერთაშორისო ტურნირების სეზონი გავხსენით, რუმინეთში ვიყავით. 100-ზე მეტი წყვილი მონაწილეობდა და მე-11 ადგილზე გავედით, ანუ ნახევარფინალში. ახლა მივდივართ რუმინეთში, მერე ვარშავაში და შემდეგ უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ვენაში ჩატარდება. მანამდე სამი საერთაშორისო ტურნირი გვაქვს, სადაც მონაწილეობენ წყვილები, როგორც ძლიერები, ასევე საშუალოები, ვარსკვლავიანები. მსოფლიოს 50-ეულში შესვლა ნიშნავს იმას, რომ ვარსკვლავი გენიჭება და პირველი ტურიდან არ იწყებ ცეკვას, „ძერსკად“ ზიხარ და მერე უერთდები კონკურსანტებს. პირველად უცხოეთში რომ ვიყავი და ვნახე, როგორ ისხდნენ ვარსკლავიანი წყვილები და მერვედფინალიდან უერთდებიან სხვებს, მეც მომინდა. ამის მერე ეს ჩემი ოცნებაა. მინდა, უფრო მეტად განვვითარდე და საქართველოს სახელი უფრო შორს გავიტანო.
– პირველად მონაწილეობთ მსოფლიო ჩემპიონატში?
– მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ვარ, არასდროს წავსულვარ, რადგან მიმაჩნდა, რომ არ იყო საჭირო. ახლა ხშირად დავდივარ ტურნირებზე, მაშინ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ თუ წავიდოდით, მაგარი იყო. უცხოელი ტრენერები გვყავს და მაქსიმალურად ცდილობენ, კარგი ადგილი ავიღოთ. თან, მსოფლიოზე მთელი მსოფლიოდან საუკეთესო წყვილები ჩადიან. ძალიან კარგი შედეგი იქნება, თუ 25-ეულში მოვხვდებით. ვნახოთ. სანამ რუმინეთში წავიდოდით, მანამდე სლოვენიაში ვიყავით, იქაური ტრენერები გვყავს და 4 დღე ვივარჯიშეთ. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ორი მთავარი ტრენერი, რომლებიც მეწყვილეები და ორგზის მსოფლიო ჩემპიონები არიან. ბოლო ტურნირზე თავი თბილისში მეგონა. საქართველოს ჩემპიონატზე რომ გამოვედით, დარბაზი დაინგრა – ძალიან კარგი გულშემატკივრები გვყავს. უცხოეთში, ტურნირებზე რომ გადიხარ, იქ ისეთი მაყურებელია, დიდად ვერ გააკვირვებ. იშვიათია, ტაში დაგიკრან ან „ბრავო“ იყვირონ. ახლა რომ ვიყავით, მაყურებელს ისე მოეწონა ჩვენი ცეკვა, მაქსს ვეუბნებოდი: საქართველოში ვართ-მეთქი, ისე გვგულშემატკივრობდნენ. მერე სხვადასხვა ტურნირზე დაგვპატიჟეს – ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ხარჯს თვითონ გაიღებენ. ეს ძალიან სასიხარულია, იმდენ ძლიერ მოცეკვავეში რომ გამოგარჩევენ, ტაშს დაგიკრავენ... მსაჯებმაც აღიარეს, რომ ძლიერი გოგო ვარ. ეს ძალიან გამიხარდა. როცა ცეკვის სფეროდან ტრენერი ან მსაჯი მოდის და მეუბნება: ძლიერი გოგო ხარო – ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი.
მასალა სრულად იხილეთ ბმულზე: "თბილისელები"
მასალის გამოყენების პირობები






