„რუსთავი 2 ჩემი მეგობარი ტელევიზიაა, რომელში მომუშავე ხალხთანაც მეგობრობა თითქმის საუკუნის მეოთხედი მაკავშირებს. ყველაზე მძიმე წლებში ეს ტელევიზია ჩემი მხარდამჭერი იყო და ჩემი დამოუკიდებელი აზრის მოსმენის არასდროს არ ეშინოდა. ვთვლი ჩემს მოქალაქეობრივ მოვალეობად და პოზიციად, რომ დღეს რუსთავი 2-ის გვერდით ვიყო და მხარი დავუჭირო. 2002 წელსაც არ მქონია არანაირი დაინტერესება გარდა მორალურისა, მაშინაც თქვენს გვერდით ვიდექი მეგობრებთან ერთად და ქარვასლაში დიდი აქცია მოვაწყვეთ, რომელსაც საკმაოდ კარგი რეზულტატი მოჰყვა.
ვფიქრობ დღესაც თქვენს გვერდით არის ჩემი ადგილი, რომ თავისუფალ სიტყვას და მედიას მხარი დავუჭირო. რუსთავი 2-ს მთავარი ხიბლი ჩემთვის სწორედ ის არის, რომ ჩემისთანა ხალხის არ ეშინია. ხალხის, რომელიც ყოველთვის თავის აზრს აფიქსირებს და თავის აზროვნებაში დამოუკიდებელია. იგივე მიშას, ასევე შევარდნაძის დროსაც, რასაც ვამბობდი, რუსთავი 2-ს არ ეშინოდა და არ „ჭრიდა“ ჩემს ნათქვამს. ამდენი წელი რუსთავი 2 ყოველთვის ჩემი მხამდამჭერია და ჩემი პროექტების, ჩემი აზრის და პიროვნების არასდროს შეშინებია. დღეს როცა თქვენ ამ დღეში ხართ, მინდა მეც არ მეშინოდეს და თქვენს გვერდით ვიყო. მინდა ჩემი მოქალაქეობრივი თუ მეგობრული მხარდაჭერა იგრძნოთ ჩემგან.“
მასალის გამოყენების პირობები






