იზოლდა ბერიძის თქმით, ისინი წლებია მხოლოდ დაპირებების ამარა არიან. ,,ძალიან ცუდ დღეში ვართ შვილო. ამდენი ხანია მხოლოდ დაპირებები გვესმის“, _ გვისხნის ქალბატონი იზოლდა, რომელსაც ჯანმრთელობის გაურესების გამო მეზობლის ჭიდან წყლის მოტანა არ შეუძლია. _.,, კითხეთ აგერ მეზობლებს. წლებია საწოლს ვარ მიჯაჭვული და დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე ვერ დავდივარ. ახლა ნათესავს ველოდები, რომ ოთახში შემიყვანოს. ამ მდგომარეობაში გარეთ როგორ გავიდე რომ წყალი მოვიტანო?_ კითხულობს ჩვენი რესპონდენტი და სახლის კუთხეში, საწვიმარ მილთან მდგარ ,,პლატსმასის“ ცარიელ ჭურჭელს გვაჩვენებს. ქალბატონი იზოლდა განმარტავს, რომ მიუხედავად ადგილობრივი ხელისფლებისთვის მისი თუ სოფლის მკვიდრთა არაერთგზის თხოვნისა, პრობლემა დღეს ისევ მოუგვარებელია: ,,ადრეც არაერთხელ გაშუქდა პრესითაც, მაგრამ არაფერი. დღეს კიდევ უფრო უარესს დღეში ვართ. ამ წვიმის წყალზე შედგმულ ჭურჭელშიც ჭიები გაჩნდა და ნუ მკითხავთ, ისეთ დღეში ვარ. იყო ხოლმე ასეთი პასუხები, _ ეს ჩვენ არ გვეხება , ვის ეხება გამაგებინეთ!. ხმის მიცემაზე ეზოში ჩამოვიდნენ და კიდეც ვუთხარი, არ ამოიღოთ ხმა თქო. რა გახდა ეს 15-20 ოჯახი? იქეთ მხარეს კი გაუკეთეს რაღაც ხალხს, მაგრამ იქაც ტექნიკური წყალია და სასმელად არ გამოდგება. ხომ წარმოგიდგენიათ ზაფხულში აქ რა ხდება ხოლმე"? მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ ადგილზე სამუშაო ჯგუფი გამოცხადდა და დაიწყო სამუშაოებიც - ,,გაგვიხარდა, ვიფიქრეთ დაიწყო და ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ქონდა. აატალახეს ყველაფერი. მილებიც ჩადეს. თუმცა აგერ აქედან ვხედავდი, რა ვიწრო მილებიც იყო. ნუთუ ვერავინ ხედავდა, იქ რა ხდებოდა? ჩადეს მილები და წააყარეს მიწაც. 15 სექტემბერს უნდა ჩაბარებულიყო ეს პროექტი. გაუშვეს წყალი და გასკდა მილებიც. მომდის ახლა ასეთი ჭორები, რომ დამთავრდა ყველაფერი და წყალი არ იქნებაო. ის ატალახებული წყალიც ეხლა მოედინება ღელედ. მას მერე არაფერი ვიცი. გარეთ ვერ გავდივარ, რომ ვიკითხო, რა ხდება. იქნებ გამაგებინოთ წყალი გვეღირსება?"
მეზობლის მსგავსად, ჯაბა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ მას ღრმა ბავშვობაში ახსოვს მხოლოდ წყალი და ისიც ახლა სასმელ წყალს მეზობლად მდებარე ჭიდან ეზიდება. ადგილობრივთა განცხადებით, სოფელს უწყლოობის გარდა, ბუნებრივი აირისა და გარე განათების პრობლემაც აწუხებს. ამბობენ, რომ ისინი ყველამ დაივიწყა და დასძენენ, რომ 2016 წლის არჩევნებს დაელოდებიან - ,,ეგებ მაშინ მოგვხედოს ვინმემ" - აცხადებენ ადგილობრივები.
გამგებლის წარმომადგენელი ,,გურიის მოამბე“- სთან სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, რომ სამუშაოები ერთი კვირაა რაც განახლდა და ნოემბრის ბოლომდე მოსახლოებას სასმელი წყლის პრობლემა არ ექნებათ. ,,ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში შემსრულებლები გვეუბნებიან, რომ სამუშაოები 10-15 დღეში დასრულდება.მილებიც ჩადებულია, წყალი ეხლაც მოდის, უბრალოდ ისე მიედინება, მილები გაიწმინდებაო.. რაც შეეხება ბუნებრივ აირსა და გარე განათების საკითხს, ეს ალბათ ისევ სოფლის მოსახლეობის მოთხოვნით 2016 წელში გადაწყდება"_ დასძინა კობა კუნჭულიამ.
ლანჩხუთის გამგეობის პრესსამსახურში კი განგვიმარტეს, რომ პროექტის განხორციელება ივლისის თვეში დაიწყო და ნოემბრის ბოლოს დასრულდება და ჭალის მოსახლოებას თვის ბოლოს წყალი მიეწოდება. სამუშაოებს ,,უნივერსალ ჯორჯია-2008“ ასრულებ და პროექტის ღირებულება დაახლოებით ასი ათასი ლარია.

მასალის გამოყენების პირობები






