– ეკა, მეგონა, «საზოგადოებრივზე» აღარ იყავი და გამიკვირდა, შეხვედრა ტელევიზიაში რომ დამითქვი…
– ამის გამო თავს, მართლაც, უხერხულად ვგრძნობ, თორემ სხვა რამეზე, რაც მრჩეველს ეუხერხულა, უხერხულობას არ განვიცდი. უბრალოდ, გადაცემა აღარ მაქვს, თორემ «საზოგადოებრივი მაუწყებლის» თანამშრომელი ვარ და ხელფასსაც ჩვეულებრივ ვიღებ. ისე, ჩემი და მენეჯმენტის შეხვედრა ვერა და ვერ შედგა – ამ შეხვედრის ორგანიზება, ალბათ, ძალიან რთულია…
– გადაცემა აღარ გაქვს და ხელფასს მაინც იღებ? – ეს რას ნიშავს?
– გენერალურმა დირექტორმა ერთ-ერთ არხზე, სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ ჩემთან შემოთავაზება აქვთ, თუმცა ჩემთვის ჯერ არაფერი შემოუთავაზებიათ და მოთმინებით ველოდები, რას შემომთავაზებენ.
– ანუ, სამსახურში რომ არ იარო, არავინ დაგსჯის და ხელფასს მაინც მოგცემენ?
– სამსახურში მაინც დავდივარ, იმედს არ ვკარგავ, თუმცა აგვისტოში, ჯერ საინფორმაციო სააგენტოებით გავიგე, ორი თვის შემდეგ კი, საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უცნობი ადამიანისგან, რომელიც «საზოგადოებრივ მაუწყებელზე» მიმდინარე და ახალი ამბების დირექტორი გახდა…
– ამ ადამიანზე ამბობენ, რომ რუსეთუმეა და ადრე «ევრაზიულ კავშირთან» მეგობრობდა…
– არ ვიცი… ეს ადამიანი აქ გავიცანი… პირადად მე, «ევრაზისტებთან» შეხვედრაზე არ წავიდოდი, მაგრამ თუ ექსპერტია და ეს საკითხი მისი კვლევის საგანი იყო, კი ბატონო… მოკლედ, ამ ადამიანისგან სხვა მედიასივრციდან მოვისმინე, რომ ახალი სეზონიდან ჩემი გადაცემა, თურმე, ეთერში აღარ იქნება, თუმცა არ ვიცი, ეს გადაცემა ცუდი რატომ იყო, ან რა დავაშავე…
– ცოლად ოპოზიციონერს გაჰყევი, რითიც უხერხულობა შექმენი და ამაზე მეტი რაღა უნდა დაგეშავებინა?
– ვანო, მე და შენ დიდი ხანია, მედიაში ვართ და ვიცით, რომ არ შეიძლება, გათხოვება არგუმენტი იყოს. ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს და, უბრალოდ, სირცხვილია! თუკი არგუმენტი ესაა, მაშინ ხმამაღლა ვამბობ: გადაცემა პოლიტიკური ნიშნით დამიხურეს, ოღონდ ჩემი პოლიტიკური ორიენტაციისა და სიმპათიის შესახებ დედამიწის ზურგზე ერთმა ადამიანმაც არ იცის, რადგან ჩემს პროფესიას უდიდეს პატივს ვცემ და ამდენი წლის განმავლობაში ამ საქმეს ისე ვემსახურე, არავის უთქვამს, ეკა ან იმისიანია, ან ამისიანიო. ის, რომ ცოლად «თავისუფალი დემოკრატების» გენერალურ მდივანს გავყევი, იმას ნიშნავს, რომ ამ პარტიის ხაზი უნდა გავატარო? მე და ბუკა პეტრიაშვილს ურთიერთობა გუშინ არ დაგვიწყვია, მაგრამ ერთი შენიშვნაც არ მიმიღია, რომ მიკერძოებული ვარ და ვინმეს მხარს ვუჭერ. პროფესიონალებისთვის სიყვარული, ოჯახი და საქმე აბსოლუტურად გამიჯნულია, თორემ ვაი-ჟურნალისტებისა და ვიღაცებისთვის, ან მათთვის, ვინც ეს თქვა, როგორც ჩანს, გამიჯნული არაა.
– სხვათა შორის, მათი ოჯახის წევრები, ვისთვისაც გარკვეული უხერხულობა შექმენი, როგორც ვიცი, კანცელარიაში მუშაობენ…
– დიახ, ამის უამრავი მაგალითია: «საზოგადოებრივ მაუწყებელზე» მუშაობენ ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრებიც «ქართული ოცნების» ღია მხარდამჭერები არიან. ზოგის ქმარი ივანიშვილის ნათესავია, ზოგის ოჯახის წევრი კი, – საკრებულოში «ქართული ოცნების» წარმომადგენელი და, როგორც ვიცი, პოლიტიკური თოქ-შოუები მათ უნდა წაიყვანონ, მაგრამ ეს უხერხულობას არ ქმნის...
– …გათხოვების მერე გაიგე, რომ გითვალთვალებდნენ?
– ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ეს მხოლოდ მე და ბუკას არ გვეხება. შესაბამისად, ამ ეტაპზე ამ შეკითხვას თავს ავარიდებ.
– კეთილი… ეკა, დიდი ხანია, მედიაში ხარ. «მხედრიონის» პერიოდიც გამოიარე. ზეწოლა სხვა დროს არ ყოფილა?
– არც ერთ ეტაპზე… «ნაციონალების» მმართველობის დროს, «ბი-ბი-სი»-ს პროექტს ვაკეთებდი, ჩარევა არასოდეს ყოფილა, ეთერში ეს და ეს არ მოიყვანო, ან რომელიმე შეკითხვა არ დასვაო. რაც პოლიტიკური თოქ-შოუ მქონდა, ეთერში ყველა პარტიის წარმომადგენელი მომყავდა და შენიშვნაც არასოდეს მიმიღია. სამაგიეროდ, მაღალი სტანდარტების უცხოელი მედიაექსპერტებისგან «საზოგადოებრივ მაუწყებელზე» არაერთი სამადლობელი წერილი მოსულა, რა კარგია, რომ ასეთი დაბალანსებული და გაწონასწორებული გადაცემა არსებობსო. სხვათა შორის, «საზოგადოებრივმა მაუწყებელმა» ამ კუთხით საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ ამიტომ «დადო», რადგან აქ ყველა პოლიტიკური პარტია ყველაზე მეტად იყო წარმოჩენილი.
– დასავლურმა მედიაექსპერტებმა შენი გადაცემის დახურვის შესახებ შეიტყვეს და რა რეაქცია ჰქონდათ?
– ყველას მივწერე, თუმცა მათ შეფასებებს მას შემდეგ გავასაჯაროებ, თუ როგორ დამთავრდება ეს ძალიან უხერხული და უცნაური სიტუცია.
– გგონია, რომ ოდესმე დამთავრდება?
– აუცილებლად, რადგან «საზოგადოებრივ მაუწყებელზე» ახალი სეზონი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაიწყება.
– ეკა, იზიარებ მოსაზრებას, რომ «ოცნებამ» «ნაცების» ყველაფერი ცუდი დააკოპირა? ზოგი ამბობს, რომ ეს პორტირებული «ნაციონალების» ბრალია, ზოგი კი თვლის, რომ «უფროსობა» კომფორტულია…
– ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადეს, რომ მედია თავისუფალი იქნებოდა და «ოცნების» ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გარკვეული პერიოდი, მედია, მართლაც, თავისუფალი იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს თავისუფლება ვერ შეირგო! არადა, მედიის თავისუფლება ყველა ხელისუფლების პლუსია, რადგან ეს მის დემოკრატიულობაზე მიუთითებს. ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ისეთი შეკითხვების დასმა, რომელიც არ მოსწონს. ამიტომ, მედიასაშუალებებში გარკვეული ფილტრაცია დაიწყო. სხვათა შორის, ჩემთვისაც, ინგა გრიგოლიასთვისაც, ნინო ჟიჟილაშვილისა და ვახო სანაიასთვისაც ძალიან დიდი ხნის წინ იყო ცნობილი, რომ ამ ხელისუფლებაში არის ადამიანი, რომელსაც ამ სახეების ეთერში ნახვა არ უნდოდა.
– არ ვიცი, რომელ ადამიანზე ლაპარაკობ…
– ყოფილ პრემიერზე და ამის შესახებ მეგობრები გვაფრთხილებდნენ…
– მე კი, კულუარებიდან სხვა ინფორმაცია მაქვს. ასე, მაგალითად, ამბობენ, რომ ინგა გრიგოლიას გადაცემის დახურვაში გადამწყვეტი სიტყვა გუგული მაღრაძეს ეკუთვნოდა… კულისებში იმისთვისაც ხომ არ მოგიკრავს ყური, თუ ვინაა ხელისუფლების არაოფიციალური მედიამრჩეველი?
– ვიცი, «საზოგადოებრივ მაუწყებელში» ვინცაა მრჩეველი.
– ვინ?
– ბასა ჯანიკაშვილი მრჩეველია… რაღაც «ლინკებიც» არსებობს, მათ შორის. ძალიან უხერხულია, თუ ურჩევს, რომ ასეთი ნაბიჯები გადადგას, ესე იგი, ძალიან სუსტი მედიამრჩეველია, რადგან ეს არც მე მაზიანებს, არც – ინგა გრიგოლიას და არც – «რუსთავი 2»-ს. პირიქით, ყველაფერი ეს, პირველ რიგში, ხელისუფლებას და ამ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აზიანებს.
– …ისე, როგორ ფიქრობ, ქმარი ოჯახის წევრია?
– (იცინის) ზოგიერთისგან გასხვავებით, ვთვლი, რომ ოჯახის წევრია და ქმრის ნათესავებსაც ჩემს ნათესავებად ვთვლი! დედაც ოჯახის წევრია…
– ეკა მიშველაძეს, როგორც გადაცემის ავტორსა და წამყვანს, პირადი შეხედულების გამო, ვინმე დაუბლოკავს?
– არა… ახლა თავს ყველა ექსპერტად თვლის. მაგალითად, კინორეჟისორი პოლიტიკურ საკითხებში ვიღაცისთვის, შეიძლება, საუკეთესო ექსპერტი იყოს, მაგრამ ასეთ ადამიანებს ეთერში არ ვიწვევ, რადგან ვთვლი, ექსპერტი ისაა, ვისაც კონკრეტულ სფეროში სათანადო განათლება აქვს და პოლიტიკურ გადაცემაში კინორეჟისორის აზრი არ მაინტერესებს.
– ახლა, როგორც იტყვიან, ისრებს გოგა ხაინდრავასკენ ისვრი, არა?
– ისრებს არავისკენ ვისვრი, მაგრამ ძალიან კარგად მიხვდებიან, თუ ჯერ კიდევ შერჩენიათ გონი, რომ აზრი თუნდაც სტრიქონებს შორის წაიკითხონ!
– შენც მოგეთმინა და მაშინ გათხოვილიყავი, როცა ხელისუფლებაში «თავისუფალი დემოკრატები» მოვიდოდნენ!.. გამოტყდი: 2012 წელს ხმა «ოცნებას» მიეცი?
– ის ხელისუფლება შესაცვლელი იყო, რადგან ძალიან ბევრი ცუდი და უარყოფითი დაგროვდა. ძალიან კარგია, რომ ეს ცვლილება მოხდა, მაგრამ სამწუხაროდ, რაღაცები უარესობისკენ წავიდა!
– …სხვა არხებიდან შემოთავაზება არ გაქვს?
– დიახ, მაქვს, თუმცა არც ერთ შემოთავაზებას ჯერჯერობით არ განვიხილავ. ძალიან მინდა, რომ მუშაობა «საზოგადოებრივ მაუწყებელზე» გავაგრძელო, რადგან ჯერ ერთი, აქაურობა მიყვარს, მეორეც, ეს ყველას ტელევიზიაა… მოკლედ, ძალიან მინდა, თუ საქმიანობას მედიაში გავაგრძელებ, ისევ «საზოგადოებრივ მაუწყებელზე» ვიყო…
– ანუ, არსებობს ალბათობა, რომ მედია დატოვო და, ვთქვათ, პოლიტიკაში წახვიდე?
– ვანო, გამორიცხული არაფერია! მით უმეტეს, რომ ჟურნალისტებმა, განსაკუთრებით, პოლიტიკურ თემებზე მომუშავე ჟურნალისტებმა პოლიტიკა ბევრ პოლიტიკოსზე უკეთ ვიცით!
– ესე იგი, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება, «თავისუფალი დემოკრატების» სახედ გიხილოთ?
– მსგავსს არაფერს ვფიქრობ ამ ეტაპზე.
– დავიჯერო, ამაზე შინ არ გიმსჯელიათ? ისე, ბუკა ყველაფერ ამაზე რას ამბობს?
– ბუკამ ძალიან კარგად იცის, ეს პროფესია როგორ მიყვარს და იმასაც ხედავს, ყველაფერს როგორ განვიცდი. ძალიან წუხს… უბრალოდ, ძალიან მომთმენი და კულტურული ადამიანია...
– ბოლოს, ეკა, დღეს რომ გადაცემა გქონდეს, მთავარ თემად რას აირჩევდი?
– «გაზპრომს». საერთოდ, ასეთ თემებს გვერდს არასოდეს ვუვლი ხოლმე…
– მეც ასე ვარ… წარმატებებს გისურვებ, ეკა!
ესაუბრა ვანო პავლიაშვილი
გაზეთი „ქართული სიტყვა“
მასალის გამოყენების პირობები






