მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რაც მსახიობი კოტე თოლორდავა მოულოდნელად გარდაიცვალა, განო მელითაური თითქმის არავის აღარ ეკონტაქტებოდა და მოსალოდნელიც იყო, რომ ამ ამბავმა დეპრესიაში ჩააგდო. მართალია მეუღლის გარდაცვალება მისთვის ტრაგედიად რჩება, თუმცა იმისთვის, რომ სამი შვილი უზრუნველყოფილი ჰყავდეს, სწავლა განაგრძო და მაგისტრატურის სტუდენტი გახდა. როგორც განომ საკუთარი ფეისბუკის გვერდზე დაწერა, - "ლექციები საღამოობით თვითმკვლელობაზე ფიქრისგან მიხსნიან"... - "ნიუპოსტი" განოს პირადად დაუკავშირდა.
- განო კარგია რომ უკვე შემართებით ხარ სწავლისკენ
"ჩავთვალე, რომ ეს ყველაფერი მჭირდება, რადგან ემოციურად, ფსოქოლოგიურად არც ისე კარგად ვარ და შესაბამისად მგონია, რომ ეს ყველაფერი დამეხმარება მდგომარეობიდან გამოვიდე. დიდი ხანია მინდოდა მაგისტრატურის გაკეთება, მე და კოტე ვგეგმავდით წასვლას და მგონია რომ ეს უნდა გამეკეთებინა. ამიტომ გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება. თან ძალიან კარგი შანსი იყო, ძალიან კარგი უნივერსიტეტია, ძალიან კარგი გუნდი შედგა ლექტორების და რაც მთავარია საქართველოდან წასვლას არ საჭიროებს. ვარშავის უნივერსიტეტია, იქიდან არის აკრედიტირებული და ლექციები აქ ჩატარდება. უბრალოდ წელიწადში ერთხელ, ორი კვირით მოგვიწევს სტუდენტებს წასვლა ვარშავაში გამოცდების ჩასაბარებლად. ჩემს შემთხევევაში ეს იდეალური იყო. თან იცით, რომ მარტო ვარ სამი ბავშვით. ყველა სამსახურიდან წამოვედი, არაფრით აღარ შემეძლო ტელევიზიაში მუშაობა. მინდა ახალ საფეხურზე ავიყვანო ჩემი პროფესიული განვითარება. ის შემოსავალი რაც მე მჭირდება იმისთვის რომ ვუზრუნველყო სამი ბავშვი, ჩავთვალე რომ აკადემიური ხარისხი ამას მიეხმარება.
- რა მიმართულებით გადიხარ მაგისტრტურას?
- ბიზნეს ადმინისტრირება და ინოვაციური საწარმოების მართვა. არის კომბინირებული კურსი, ინტეგრირებული ძალიან ბევრი საინტერესო საგნით. მართვის ფსიქოლოგიიდან დაწყებული საერთაშორისო მართვით დამთავრებული. შესაბამისად რადგან განათლებითა და გამოცდილებითაც ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი ვარ, ჩემთვის ეს დამატებთ ახალი კარია, რომელსაც შევაღებ და მგონია, რომ საინტერესო იქნება. გუშინ მქონდა პირველი ლექცია და ძალიან კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს გაამართლებს ჩემს მოლოდინს.
- მართალია ძალიან მძიმე პერიოდი გადაიტანე, რაც შეუძლებელია დაივიწყო, მაგრამ ალბათ დეპრესიას თავს დააღწევ, რადგან სამი შვილი გყავს გასაზრდელი.
- ამ თემაზე საერთოდ არ მინდა ლაპარაკი. მძიმე პერიოდი არ გადადის, რაც მთელი ცხოვრება დარჩება ჩემში. თუმცა ამ შემთხვევაში ჩემი თავი საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია სამი ბავშვი, რომლებსაც ჭირდებათ უზრუნველყოფილი გარემო იმისთვის რომ იარსებონ. ჩემს შეგრძნებებზე და ემოციებზე არ ვაპირებ ვისაუბრო, თუ რამდენად მძიმეა ან არ არის მძიმე. ყველასთვის დრო გავიდა, მაგრამ ჩვენ თავს ეს ტრაგედია ყოველ დღე ხდება. შესაბამისად რაღაცნაირად მინდა, რომ გავმიჯნო ჩემი სწავლა-განათლება და ჩემი პირადი, რადგან ეს ძალიან ინტიმური და პირადი მგონია. ამიტომ არავისთვის არ მომიყოლია და არც ვაპირებ ამ თემაზე ლაპარაკს. საკმარისად ჩართულია ყველა ადამიანი ცხოვრებაში. ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც მამხნევებს. მართლა ძალიან ბევრი ადამიანი მამხნევებს და გვერდში მიდგას. დღემდე, სრულიად უცხო ადამიანების, ისეთი შინაარსის წერილები მომდის სხვადასხვა ქალაქებიდან, რომ ნამდვილად ღირს იმად რომ ძალ-ღონე მოვიკრიბო.
მარიკა ხიდურელი


მასალის გამოყენების პირობები






