პროექტ „ახალი ხმის“ მონაწილე, მსჯავრდებული თეონა ყოლბაია „სარკესთან“ კიდევ ერთხელ იხსენებს, როგორ აღმოჩნდა საპყრობილეში.
„იმ პერიოდში ერთ-ერთ ბარში მიმტანად ვმუშაობდი. იქ გავიცანი ჩემი შეყვარებული. ის მეუღლეს გაშორებულია და პირველი ქორწინებიდან 7 წლის შვილი ჰყავს, რომელსაც ვიცნობდი კიდეც და კარგი ურთიერთობაც მქონდა. ჩემს შეყვარებულს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, შვილისთვის საბავშვო ბაღში ფული უნდა გადაეხადა, თან ტანსაცმელიც ეყიდა, რისი საშუალებაც იმ მომენტში არ ჰქონდა. მე კი ვმუშაობდი, მაგრამ ხელფასამდე დიდი დრო იყო, მას კი ეს თანხა ძალიან სჭირდებოდა, ვალების გამო, ვერავისთან მიდიოდა ფულის სათხოვნელად. შემომთავაზა, დასაყაჩაღებლად გავყოლოდი. ერთ-ერთ მაღაზიაში მივედით. ნიღბებით არ ვყოფილვართ. მას კაპიუშონიანი ზედა ეცვა და სათამაშო პისტოლეტი ჰქონდა, მე კი კართან ველოდებოდი, 240 ლარი წამოვიღეთ“, - ამბობს თეონა.
როგორც ყოლბაია ამბობს, საპყრობილეს 6 თვეში დატოვებს. თეონას თქმით, შეყვარებულთან ოჯახის შექმნას აპირებს.
„ზუსტად ათ დღეში დაგვაკავეს. მე 13 წელი მომისაჯეს, მას -15, რადგან იდეა მას ეკუთვნოდა. ორივეს გაგვიმართლა, ამნისტია შეგვეხო, მას 6 წლამდე, მე კი 4 წლამდე შემიმცირეს სასჯელი. საპყრობილეს 6 თვეში დავტოვებ, ჩემი შეყვარებული კი - 2 წელსა და რამდენიმე თვეში... გვინდა, ცხოვრება ასე ქრისტიანულად განვაგრძოთ. შემდეგში რა იქნება, არ ვიცით. ეს უფლის ნებაა. გვინდა, რომ ქრისტიანული ოჯახი შევქმნათ“, - ამბობს თეონა.
წყარო: ჟურნალი "სარკე"
მასალის გამოყენების პირობები






