ორგანიზაციის შეფასებით ანგარიშის მიზანია, ერთი მხრივ, განაახლოს ინფორმაცია მსხვილი მედიასაშუალებების მფლობელობაზე და წარმოაჩინოს ამ მედიასაშუალებებზე მიმდინარე ცვლილებები, ხოლო, მეორე მხრივ, ყურადღება გაამახვილოს ონლაინ მედიის მფლობელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათი თქმით, ქართული ონლაინ მედიის სისტემური კვლევა ჯერ არ ჩატარებულა, საინფორმაციო ვებგვერდების გავლენა კი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე სულ უფრო და უფრო მზარდია ინტერნეტის ხელმისაწვდომობის მზარდი ტენდენციის პარალელურად.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში საუბარია რამდენიმე ინტერნეტ მედიასაშუალებაზე, რომლებიც მკვეთრად ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევიან და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშის თანახმად, ანტიდასავლურად განწოყბილ ონლაინ მედიასაშუალებებს განეკუთვნებიან: reportiori.ge, marshalpress.ge, geworld.ge და saqinform.ge, Tb24.ge, taoba.ge. ხოლო ონლიან მედიასაშუალებები ოპოზიციური პოლიტიკური დღის წესრიგით არიან "თავისუფალი ზონა", freshnews.ge, editori.ge და iveria.biz.
მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავშირებულ ონლაინ მედიასაშუალებად irakligaribashvili.ge დასახელდა.
საერთო ჯამში, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში მედიასაშუალებების მფლობელობა გამჭვირვალეა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა და კვლევის ავტორების თქმით, არცერთ მსხვილ მედიასაშუალებას პირდაპირ არ ფლობს რომელიმე პოლიტიკური ძალა. კვლევას საფუძვლად საჯარო ჩანაწერებიდან და მედიიდან მიღებული მონაცემები უდევს. ონლაინ მედიასაშუალებების საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის შესაგროვებლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” საინფორმაციო ვებგვერდების წარმომადგენლებთან ათეულობით ინტერვიუ ჩაატარა.
ორგანიზაცია რამდენიმე ძირითადი მიგნებაზეც ამახვილებს ყურადღებას, კერძოდ:
-საქართველოში მედია საშუალებების მფლობელობა გამჭვირვალეა. ბოლო ერთი წლის მანძილზე მსხვილი მედიასაშუალებების მფლობელობაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა. არც ერთ მსხვილ მედია საშუალებას პირდაპირ არ ფლობს რომელიმე პოლიტიკური ძალა.
-ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის მფლობელობასთან დაკავშირებით წამოწყებულ სასამართლო დავას, სავარაუდოდ, პოლიტიკური კონტექსტი აქვს, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მედიის თავისუფლების ხარისხზე.
-რამდენიმე მსხვილ მედიასაშუალებაში ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ამ ფაქტებმა გავლენა მოახდინა მაუწყებლობის შინაარსზე. რიგ შემთვევებში გაჩნდა ეჭვი, რომ არხის მფლობელები ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში, რითაც ზიანს აყენებენ მედიის დამოუკიდებლობას.
-რამდენიმე საკაბელო და ინტერნეტ მაუწყებლის მფლობელობა ანტიდასავლურ და რელიგიურ ორგანიზაციებს უკავშირდება. მათი დეკლარირებული შემოსავალი საკმაოდ მცირეა, რის გამოც, გაურკვეველია, რა სახსრებით მაუწყებლობენ ეს არხები.
-ონლაინ მედიასაშუალებებს შორის გვხვდება პოლიტიკური გემოვნების მიხედვით გაერთიანებული ჯგუფები. ზოგიერთი ასეთი ვებგვერდი მუდმივი თანამშრომლებისა და შემოსავლის გარეშე ფუნქციონირებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მათ დამოუკიდებლობას.
ამასთანავე "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო" მედიასაშუალებების მფლობელებს და პოლიტიკოსებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:
"ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა მოერიდონ პოლიტიკური ხასიათის განცხადებებს ტელეკომპანია „რუსთავი 2”-თან და მის მფლობელობასთან დაკავშირებით, რათა ზეგავლენა არ მოახდინონ მიმდინარე სასამართლო დავაზე.
მედიის დამოუკიდებლობის გარანტი, ხელისუფლების გარდა, მედია საშუალებების მფლობელებიც არიან. უმნიშვნელოვანესია, რომ მათმა ქმედებებმა ზეგავლენა არ მოახდინონ დამოუკიდებელი მედია საშუალებების სარედაქციო პოლიტიკაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ მედია საშუალებები არ ექვემდებარებიან გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ რეგულაციებს, სანდოობის მიზნით, საკუთარ ვებგვერდებზე უნდა განათავსონ ამომწურავი ინფორმაცია გამოცემის მფლობელებსა და მასალების შინაარსზე პასუხიმსგებელ პირებზე."- აღნიშნულია კვლევაში.
მასალის გამოყენების პირობები






