„გარემოს დაცვა დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია ქალაქის მდგრადი განვითარების წინაპირობაა. ამდენად, დოკუმენტის მიღება ქმედითი ნაბიჯია ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სტრატეგია ქალაქის მდგრადი განვითარების ხედვას, პრიორიტეტებსა და მიმართულებებს განსაზღვრავს, რაც სამომავლოდ თბილისელებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს უზრუნველყოფს. დოკუმენტი მიზნად ისახავს, რომ თბილისი მწვანე ქალაქად იქცეს",-განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის გარემოსდაცვითი ხუთწლიანი სტრატეგია 2015 წლის სექტემბერში დამტკიცდა. დოკუმენტი გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
სტრატეგია დედაქალაქის მწვანე საფარისა და რეკრეაციული ზონების პასპორტიზაციასა და მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნასაც ითვალისწინებს. თბილისის მერიის ინიციატივით უკვე დაწყებულია ნარგავებისა და რეკრეაციული ზონების ელექტრონული აღწერის პროცესი. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ტერიტორიაზე მსგავსი აღწერა 1987 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.
თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრო სექტორის წარმომადგენლების შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა. დოკუმენტის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიამ, საქართველოს ფინანსთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
სტრატეგიის პრეზენტაცია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ წელს, პირველად, „თბილისობა 2015“ გარემოს დაცვასა და ეკოლოგიას ეძღვნება.
მასალის გამოყენების პირობები






