ბიძინა გიორგობიანის თქმით, პროგრამა „მილიონი ხის“ შესაბამისად საშემოდგომო გამწვანების სამუშაოები დედაქალაქში უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად მიმდინარეობს და ასე გაგრძელდება დეკემბრის შუა რიცხვებამდე. „თბილისის ზღვის მიდებარე ტერიტორიაზე ამ სეზონზე უკვე 8 000 ხე დავრგეთ, დღეს ამავე ადგილზე 4 000 ფშატის, აკაციის, ფიჭვისა და მუხის კონტეინერულ ნერგს ვრგავთ. მთლიანობაში კი საშემოდგომო რგვების ფარგლებში თბილისის მასშტაბითა 400 ათასამდე ხე-მცენარე დაირგვება. ჩვენი მიზანია აღნიშნული ეტაპობრივი ღონისძიებებით თბილისი უახლოეს მომავალში ვაქციოთ მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქად“ განაცხადა გიორგობიანმა.
თბილისის ზღვის გარდა, სადაც მხოლოდ ამ სეზონზე 300 ათასი ნერგი ირგვება, გამწვანების სამუშაოები დაგეგმილია ასევე ხუდადოვის ტყის გაგრძელებაზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, ვაზისუბანში, ვარკეთილში, გურამიშვილის გამზირზე და კუს ტბის ფერდობებზე. ამასთან, რაიონულ გამგეობებს თბილისის მერიისაგან 35 ათასი ნარგავი გადაეცემათ. გამგეობები აღნიშნულ ნერგებს, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით თავიანითი რაიონების ტერიტორიებზე დარგავენ.
მცენარეების დარგვის შემდეგ, მათ შემდგომ მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ. მცენარეთა დაზიანების ან ხმობის შემთხვევაში კომპანიები ხელშეკრულებით ვალდებული არიან ეს ნარგავები რგვების სეზონზე ახალი ნარგავებით ჩაანაცვლონ.
დედაქალაქის გამწვანებისა და ხეების დარგვის პროგრამა, რომელიც თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და რეკრეაციული ზონის გაზრდას ისახავს მიზნად, თბილისის მერის დავით ნარმანიას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამწვანების აქციები ეტაპობრივად ტარდება.
2014 წლის საშემოდგომო და 2015 წლის სეზონური რგვების ფარგლებში ამ დროისთვის ქალაქის სხვადასხვა რაიონში, ტყე-პარკებსა თუ გამხმარი ნარგავებისგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე, ასევე საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების ეზოებში, სულ 140 ათასამდე ნარგავია დარგული.
მასალის გამოყენების პირობები






