მწერალი გურამ ოდიშარია აფხაზის და ქართველის მეგობრობის სევდიან ისტორიას ჰყვება.
„სოხუმში ბავშვობის ორ განუყრელ მეგობარს ვიცნობდი: აფხაზ ჯუმას და ქართველ თემურს. ქართველის მეტსახელი - ბაჯაა, სოხუმელებიც მას უფრო ასე - ბაჯად იცნობენ. ხშირად ვხვდებოდი მათ სანაპიროზე, ტურბაზის უბანში თუ ლოკომოტივის პლიაჟზე.
აფხაზეთის ომის შემდეგ ბაჯა თბილისში ცხოვრობს, დევნილია. ჯუმა კი, სოხუმში დარჩა.
რამდენიმე წლის წინათ, სოხუმში ჩასულს, აფხაზმა ნაცნობებმა მიამბეს: როცა ჯუმა დათვრება (ხშირად ეს შუაღამისას ხდებაო), იმ სახლთან მიდის, სადაც ომამდე ბაჯა ცხოვრობდა, დადგება შორიახლოს და ბაჯას, რაც შეიძლება ხმამაღლა უხმობს:
- ბაჯა! ბაჯა! ბაჯააააააა....
ბაჯას ბინაში, რა თქმა უნდა, ახლა სხვები ცხოვრობენ. გამოდგებიან აივანზე და ჯუმას ანამუსებენ:
- წადი, ჯუმა აქედან. ხალხს სძინავს, ნუ აღვიძებ... წადი, სული ნუ ამოგვხადე!... არ ცხოვრობს აქ ბაჯა... არ ცხოვრობს აქ ბაჯა!...
- სად არის ბაჯა? - მერამდენედ კითხულობს ჯუმა.
- არ არის, წავიდა, შორსააა... რა უნდა აქ ბაჯას?
- როგორ თუ რა უნდა, აქაა ბაჯა და სულ აქ იქნება... - არ ცხრება ჯუმა.
დგას და ხმამაღლა უხმობს მეგობარს... სახლის პატრონები ჩამოდიან და ვაი-ვაგლახით ატოვებინებენ ჯუმას იქაურობას. ზოგჯერ საქმე იქამდე მიდის, რომ ბაჯას მაძიებელ ჯუმას გაკოჭავენ ხოლმე...
მაგრამ გადის სულ სამი თუ ოთხი დღე და შუაღამის სოხუმს კვლავ აღვიძებს ჯუმას ხმამაღალი ძახილი:
- ბაჯა, ბაჯა, ბაჯააააააა
ხანდახან ის ხმა თბილისამდე, ბაჯას აქაურ ბინამდე აღწევს.“
მასალის გამოყენების პირობები






