თბილისის მერი დავით ნარმანია საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში სოციალური პროექტის - „თბილისიმარათონი 2015“-ის პრესკონფერენციას დაესწრო. დედაქალაქის მერია, ტრადიციისამებრ, წელსაც „თბილისიმარათონის“ მხარდამჭერია.
“ჰაიდელბერგცემენტის” მიერ ორგანიზებული სოციალური პროექტი “თბილისიმარათონი 2015” 25 ოქტომბერს, უკვე მეოთხედ ჩატარდება და ნაცვლად თბილისის ზღვისა, ღონისძიების მარშრუტი ქალაქის ცენტრალურ უბნებს მოიცავს. მარათონში მონაწილეობის მსურველებს დარეგისტრირება 6 წლის ასაკიდან შეეძლებათ.
ღონისძიების მიზანი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარება და ქველმოქმედებაა. „თბილისიმარათონის“ რეგისტრაციიდან შემოსული თანხა გაორმაგდება და სპეციალურად შერჩეულ ბენეფიციარს გადაეცემა.
„ღონისძიების მიზანი - საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარება, თბილისის მერიის ამოცანებს უკავშირდება. მოქალაქეებში ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდა დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მერია აქტიურად მუშაობს ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ მსგავსი სახის მარათონებს. მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათისაა, ამასთან, გარბენის მარშრუტი მოიცავს თბილისის ძირითად ქუჩებსა და ღირსშესანიშნაობებს, რაც, თავისთავად, გულისხმობს ქალაქის პოპულარიზაციას ტურისტული თვალსაზრისითაც. დედაქალაქის მერია მსგავსი ხასიათის ღონისძიებებს მომავალშიც მხარს დაუჭერს“. - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






