ჩვენ სიმართლის ხმას ვეძებთ სოხუმის უნივერსიტეტში
საზოგადოება - 18:24, 12 Oct, 2015     2289
ხშირად გაიგებთ, რომ თავის დროზე სოხუმის უნივერსიტეტის გამოყოფა შეცდომა იყო. ძალიან მაფიქრებს ხოლმე ეს განწყობა. ,,ბაბაიას“ ცნობიერებიდან მომდინარე მგონია იგი და მისი პირმშო - ეთნოკრატიული აზროვნებიდან, რომელიც აქაც ვერ მოვიშალეთ.

აფხაზეთის უნივერსიტეტი, რომლის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებულიც გახლავართ, იმ პერიოდისათვის გახდა კლასიკური ფორმის აპარტეიდული დაწესებულება. აფსუა ეთნოსისათვის წლების მანძილზე დაუმსახურებელი პრივილეგიების მინიჭებამ და ჩვენმა გულარხეინმა კოჭისგამგორებლობამ გამოიწვია მათი ჩვენგან გაუცხოება და შემდგომ ტოტალური ქართველთმოძულეოება. საკუთარი ეროვნული სკოლა არ ჰქონდათ და უნივერსიტეტი გაუხსნეს; მეცნიერებაში რაიმე ღირებული არ უქმნიათ და უამრავი სამეცნიერო ხარისხი და თანამდებობა ჩამოურიგეს; ყველა სკოლადამთავრებული სტუდენტად აქციეს, რუსულად ,,განანათლეს“ რუსულ და ,,აფხაზურ“ სექტორებზე ეკუთვნოდათ თუ არა, დიპლომებიც უხვად უწყალობეს, ხოლო სასწავლო დაწესებულება კი სეპარატიზმისა და რუსიფიკაციის ბუნაგად აქციეს.

ვერ გაარღვია ეს ჩაკეტილი წრე ვერც სტუდენტ ,,ცხუმელთა“ მუშაკობამ, ვერც ქართველ პატრიოტთა ჯგუფების ღვაწლმა, ვერც საზოგადოების მოთხოვნამ. ღირსების შემლახავი, აუტანელი და სახიფათო ვითარება შექმნეს რუსეთის მსტოვრებმა უნივერსიტეტში და იქიდან გამოსვლა მოხდა ე.წ. აფხაზური წერილის იდეოლოგიასთან პრინციპული შეუთავსებლობის გამო, ახალი ქართული უნივერსიტეტის შექმნის მოთხოვნით, რაც, თავის მხრივ, შეესაბამებოდა ყველა საკაცობრიო საგანმანათლებლო და უფლებრივ სტანდარტს.

ეს განრიდება სხვა შემთხვევებშიც იყო - უფრო ადრე სოხუმის თეატრთან და იმავე პერიოდში სოხუმის საფეხბურთო გუნდთან დაკავშირებით. აქაც მოხდა გამოსვლა ძალიან ობიექტური მიზეზებით და პრინციპების საფუძველზე, რომლებიც უაღრესად მარტივი და გასაგებია. ის კი არა, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სოხუმის ფილიალის გაუქმებაც მზადდებოდა და ეს საფრთხე ძლივს მოვიგერიეთ. ალბათ, ის ორი რეფერენდუმიც გვახსოვს აფხაზეთში 1991 წლის 17 და 31 მარტს, რომელთაგან ერთზე საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას ეყრებოდა კენჭი, ხოლო მეორეში-საქართველოს დამოუკიდებლობას. როგორ არ ვეცადეთ, მაგრამ იმპერიის შენარჩუნების ფარსი ვერ ჩავშალეთ, მხოლოდ ბოიკოტი გამოვუცხადეთ და საკუთარი რეფერენდუმი ტრიუმფით ჩავატარეთ საქვეყნო პრინციპებისადმი ერთგულების გამო.

,,ბოდიშისტებისა“ თუ რაგინდარა ურწმუნოების ,,ცრემლთაფრქვევისას“ მეტი დრამატულობისათვის იმასაც გაიგებთ, უნივერსიტეტი ვერცხლისმოყვარეებმა შექმნეს იმისათვის, რომ მათ სხვაგან ამაში თითქოს ხელს უშლიდნენ.

კორუფცია მაშინ და დიდ ხნის შემდეგაც საზოგადოებისა და ყველა ქართული უმაღლესი სასწავლებლის საერთო სენი იყო. ბევრი სასწავლებელი შეიქმნა, არსებულში კი ბევრი სპეციალობა, ხშირად სრულიად გაუგებარი, თუმცა ეს საზოგადოდ მომხვეჭელობის წყურვილით არავის აუხსნია. თავისუფლებამ მოიტანა ეს, დემოკრატიისა და კონკურენტული გარემოსაკენ სწრაფვამ.

ყველაფერი კი სოხუმის უნივერსიტეტით დაიწყო. ის იყო პირველი ალტერნატიული უმაღლესის სასწავლებლი, რომელიც არც ხელისუფლების, არც სამეცნიერო, საგანმანათლებლო თუ კომერციული წრეების ან ჯგუფების ნებით არ შექმნილა. ის ხალხის ნებით შეიქმნა და მისი შემოქმედი ქართული საზოგადოება იყო ყველა თავის დიადი აღმაფრენითა თუ ნაკლულებით, მებრძოლი სულისკვეთებითა თუ სულსწრაფობით, გამარჯვებითა თუ დამარცხებით.

მაშ, რატომ უნდა თქვან სოხუმის უნივერსიტეტის მიმართ, რაც ზემოთ მოგახსენეთ? რატომ იფიქროს ვინმემ, რომ ვოვა ვეკუასა და სოსო ადამიას თავგანწირვა შეცდომა იყო? სანამ ვიყაროთ თავზე ნაცარი, სანამ ვუძახოთ თავს აფხაზეთელები?!

სოხუმის უნივერსიტეტში თავმოყრილია აფხაზური საზოგადოების ინტელექტუალური ელიტა, მაგრამ, როგორც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, სწორედ ამის გამო გახდა ის პრობლემატური. უნივერსიტეტი მარგინალიზებულ იქნა საზოგადოებრივი პროცესებისაგან ისევე, როგორც მთელი დევნილი საზოგადოება. ეს ცალკე ვრცელი საუბრის თემაა. ყველაზე უკმაყოფილო და არრისმქონე ფენის კლიშეებიდან გასვლისა და უმართავობის შიში ჩვენი ბოლო 22-წლიანი ყოფიერების თანმდევია. არავის დასაკარგი არაფერი გვაქვს და მართვადობის ჩვეულებრივი მეთოდები ჩვენზე არ გაჭრის. ამიტომ დევნილთა გააქტიურებას ყველა ერიდება თავის სასარგებლოდაც. იმთავითვე სხვისი მოიმედეობის, პასიური მოწუწუნის სოციალური ნიშა, საცხოვრისზე და ყოველთვიურ დახმარებაზე ხელგაწვდილი ბოგანოების იერსახე მოგვარგეს და ასე გრძელდება დღემდე.

ჩვენც არ ჩამოვრჩით, ამ ხუფს დავყაბულდით და გეტოს ცნობიერებით შევეჭიდეთ ჩვენს გულდამძიმებულ ყოველდღიურობას. ,,როგორ ხარ?-ვუძლებო“, გახდა ჩვენი საფირმო მოკითხვა, ხოლო თავშეყრის ერთადერთი ადგილი კი, სადაც საშიშნი ნამდვილად არა ვართ, - ახლობელ-ნათესავთა გასვენებები.

ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა დევნილთა მიმართ მყარად ჩამოაყალიბა სოციალური სტერეოტიპი და სწორედ ამ სტიგმის გარღვევაა ქვეყნის და ჩვენი მომავლისათვის აუცილებელი ამოცანა. ეთნოკრატიული აზროვნების უკუგდება, წარმომადგენლობითობა და არჩევნები აფხაზეთის გამოფიტულ და დახავსებულ უმაღლეს საბჭოში, ჩვენს მიმართ ჩადენილი ომისა და გენოციდის საკაცობრიო დანაშაულებების წამოწევა, დამნაშავეთა პასუხისმგებლობის და, რაც მთავარია, უკან დაბრუნების სურვილის მკვეთრად, ხმამაღლა და გნებავთ, მკვახედაც დაყენება, არის საქართველოს მთლიანობისა და ჩვენი დაბრუნების უპირველესი პირობა. მსხვერპლის აქტიურობას წინ ვერაფერი აღუდგება, ვერც შინ და ვერც გარეთ. დარღვეულ უფლებებში აღდგენის სამართლიან და ერთიან მოთხოვნას, - დღეისთვის ჩაჩუმებულს, - ეფექტი აუცილებლად ექნება მოყვრისთვის და მტრისთვისაც. გაუთავებელ, არაფრისმომცემ ლაქლაქს ძმობასა და მეგობრობაზე, ცრუმოიმედეობას, რომ ოდესღაც მიმზიდველი გავხდებით მავანთათვის, ცვედან პოლიტიკოსთა ვიშვიშს - ტერიტორიას რა თავში ვიხლით, თუ ხალხიც არ დავიბრუნეთ და მისთანებს, ეს ნამდვილად სჯობია.

მაგრამ დევნილი საზოგადოების გამოცოცხლებისათვის ჩვენი გონების ამოქმედებაა საჭირო, ჩვენი აზროვნების მომართვა შეუგუებლობისა და ბრძოლისაკენ. გაბედული ინტელექტუალური ამბოხი გაარღვევს ამ ჭაობს, აზროვნების სტაგნაციის დამსხვრევა განაპირობებს ურწმუნოების, შიშისა თუ გულგრილობის გარემოს დაძლევას, გააზრებულ და სწორ მოქმედებას.

ჩვენ სიმართლის ხმას ვეძებთ სოხუმის უნივერსიტეტში. იმ ხმას, რომელმაც თავის დროზე მთელი საქართველო მის დასაცავად ფეხზე დააყენა.

მალხაზ პატარაია

მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42